მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BDO: სამუშაო საათების აღსარიცხად დამსაქმებლებს საკმაოდ დიდი ინფორმაციის შევსება მოუწევთ

603377697d13c
BM.GE
27.02.21 13:26
3487
1 მარტიდან ახალი შრომის კოდექსის საფუძველზე საქართველოში მოქმედ ყველა დამსაქმებელს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა ევალება. ახალი ვალდებულების შესახებ საკანონმდებლო მაცნეზე დოკუმენტი უკვე გამოქვეყნდა. ჯანმრთელობის დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ბრძანებით, განისაზღვრა "ტაბელის" ცხრილი, სადაც კომპანიის დასაქმებულების მიერ შესრულებული სამუშაო საათები და მათი გაცდენები უნდა აღირიცხოს. ამ ანგარიშფაქტურების შევსების ვალდებულება დამსაქმებლებს ყოველთვიურად ექნებათ, კომპანიებმა ამ სიების არქივი 1 წლის ვადით უნდა შეინახონ.

როგორც “საქმიან დილაში” BDO Legal-ის პარტნიორმა დავით გელაშვილმა განაცხადა, დამსაქმებლებს საკმაოდ დიდი ინფორმაციის შევსება მოუწევთ, რაც მარტივი არ იქნება.

“მივიღეთ ნორმატიული აქტი, თუ როგორ უნდა მოხდეს ნამუშევარი დროის აღრიცხვა. დამსაქმებლებმა უზარმაზარი მოცულობის ინფორმაცია უნდა შეავსონ და ეს საქმე საკმაოდ შრომატევადია. ასევე მოხდება დისტანციურად ნამუშევარი დროის აღრიცხვა.

ამ ვალდებულებების მაკონტროლებელი შრომის ინსპექციაა, სადაც პასუხისმგებლობები დიფერენცირებულია. მაგალითად შესაძლოა მოხდეს გაფრთხილება, ხოლო შემდგომ ეს გაფრთხილება ფულად სანქციებში გადავიდეს. ხოლო ფულადი სანქციები შესაძლოა 200 ლარიდან 1000 ლარამდე იყოს” - განაცხადა გელაშვილმა.

BDO-ს ბიზნეს სერვისების და აუთსორსინგის განყოფილების მენეჯერმა თამარ კუხიანიძემ აღნიშნა, რომ დასაქმებულის სამუშაო საათების აღრიცხვა შესაძლებელი იქნება როგორც ელექტრონულად, ასევე წერილობითი ფორმით.

“მსხვილი კომპანიების შემთხვევაში არის ელექტრონული ბარათები, რომელიც ტარდება და ამის აღრიცხვა მარტივია. მცირე და საშუალო ბიზნესებს ფიქრი მოუწევთ, თუ როგორ შეიძლება აღრიცხონ ბიზნესებმა თანამშრომლების სამუშაო საათები.

რაც შეეხება დისტანციურ მუშაობას, აქ აღრიცხვიანობა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის სანდოობაზეა დამოკიდებული.

დასაქმებულის მხრიდან ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება უნდა მოხდეს. შესაძლოა დაემატოს მეილი, რომლითაც დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ექსელი გაიგზავნოს და მისი მიმოცვლა მოხდეს. აქ აუცილებელია ის, რომ ყველა სამუშაო დღე აღირიცხოს“ - განმარტა კუხიანიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები