ბიზნესი მეფრინველეობის დარგის დღგ-ით დაბეგვრის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოში სექტემბრის დასაწყისში გაასაჩივრებს, - ამის შესახებ bm.ge-სთან საუბრისას „მეფრინველეთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განაცხადა.
"ადვოკატ-იურისტები ავიყვანეთ და სარჩელი პირველი სექტემბრისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში შევა", - განაცხადა bm.ge-ისთან უჩუმბეგაშვილმა.
„მეფრინველეთა ასოციაციის" თავმჯდომარე ასოციაციის ფუნქციონირების აზრს ვერ ხედავს, რადგან მისი თქმით, საკითხები, რომელიც მათ მიერ მთავრობასთან გაჟღერდა, კვლავ მოუგვარებელი რჩება.
„დარგისთვის ყველაზე პრობლემურია დღგ-ით დაბეგვრის და ასევე, დემპინგისგან საზღვრის დაცვის საკითხები. დემპინგის თემაზე ეკონომიკის სამინისტრო კანონის პროექტის განხილვას ახლა იწყებს და ალბათ შევა ძალაში, მაგრამ 6 წელია ამ თემაზე მუშაობა მიდის და ვერ ვხვდები, 6 წელი რატომ სჭირდება იმ კანონის მიღებას, რომელიც შენს სოფლის მეურნეობას ანგრევს. ყველამ მოგვისმინა და ვერავინ დაგვეხმარა. ჩვენ სამართლიანობის აღდგენა გვინდა.
ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან დღგ-ის თემაზე შეხვედრა არ გვქონია, რადგან აზრი არ აქვს, წერილები ჩაბარებულია, პასუხი არ არის. წლების წინ, მაჭავარიანის წინამორბედმა ნოდარ ხადურმა კატეგორიული უარი გვითხრა, ჩვენ მასთან დღგ-ის საკითხზე ხელჩართული ბრძოლა გვქონდა. ივანე მაჭავარიანი უბრალოდ შეგვხვდეს და მოგვისმინოს, ამხელა დარგია. რამდენი მინისტრი შეიცვალა, მაგრამ სამინისტროს პოზიცია არ იცვლება", - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა და დასძინა, რომ მეფრინველეთა ასოციაცია, ფაქტობრივად, რამდენიმე თვეა იძულებით შვებულებაშია.
"იმაზე მეტი რაღა უნდა ვილაპარაკოთ, ვიდრე ვილაპარაკეთ. გავჩერდით საერთოდ, ასოციაციის ფუნქციონირების აზრს ვერ ვხედავთ, რადგან არცერთი საკითხი, რომელიც დადგა, არ გადაწყდა, ხოლო ასოციაციის წევრებს ერთმანეთთან კომუნიკაცია ისედაც გვაქვს. ასოციაცია კარგია, როდესაც სახელმწიფოსთან და სტრუქტურებთან ურთიერთობს და თუ მიდიხარ, ცალმხრივად უყვები პრობლემებზე და არაფერში გეხმარებიან, აზრი მითხარით, „მეფრინველეთა ასოციაცია“, შესაძლოა, საერთოდ გაუქმდეს. ყველა მინისტრს შევხვდით, ყველას ველაპარაკეთ. დღგ-ის საკითხი დარჩა, არასამართლიანი ფასი მარცვლეულზე ისევ არასამართლიანია, ვისთვის შევიკრიბოთ?“, - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.

























