მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბუს კვერცხები“ - "ქართულმა თემამ“ ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო

61b87260eb873
ვიქტორია მღებრიშვილი
15.12.21 10:15
12057
სათამაშოების ნაკრების ადგილობრივმა მწარმოებელმა კომპანიამ „ქართული თემა“ 0.5 მლნ ლარის ინვესტიციით ახალი პროდუქტის - „ბუს კვერცხების“ წარმოება დაიწყო.

BM.GE-სთან საუბარისას კომპანიის დამფუძნებელი მანუჩარ ლობჟანიძე აღნიშნავს, რომ წარმოების გაფართოება „აწარმოე საქართველოს“ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის მხარდაჭერით განახორციელა და 5 დეკემბრიდან ბავშვებისთვის ახალი დასახელების სათამაშოების ნაკრების შეთავაზება შეძლო. ყოველდღიურად კომპანია 200 ყუთამდე „ბუს კვერცხებს“ აწარმოებს, თითოეულ ყუთში კი 9 ცალი კვერცხი დევს.

„აღნიშნული ინვესტიცია სრულად სათამაშოების და შესაფუთი კვერცხების შეძენაზე დაიხარჯა და მინდა „ბუს კვერცხი“ გაყიდვაში, დაახლოებით, 10 დეკემბრიდან ჩაეშვა. ინტერესი ამ პროდუქტის მიმართ ძალიან დიდია. ეს პროდუქტი ფორმის გარდა, ჩვენი წინა პროდუქტებისგან იმით განსხვავდება, რომ მასში დევს ერთი სათამაშო და ასევე ზალიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, დავამატეთ შემეცნებითი პროექტი „ქართული ანბანი“, რომელიც მაგნიტურია და მხატვრის ნახატებით არის გაფორმებული. დღეისთვის გოგოებისთვის და ბიჭებისთვის თემატურად შექმნილი „ბუს კვერცხების“ შეძენა უბნის მარკეტებში 8 ლარად არის შესაძლებელი, თუმცა ქსელურ მარკეტებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სულ მალე ახალი პროდუქტი იქაც გამოჩნდება“, - აღნიშნა მანუჩარ ლობჟანიძემ.

გარდა ამისა, „ქართული თემა“ რამდენიმე თვეში ახალი დანადგარის დახმარებით „ბუს კვერცხების“ წარმადობას, დაახლოებით, 100 ყუთით გაზრდის.

„დღეისთვის, კომპანიაში, დაახლოებით, 45 ადამიანი მუშაობს, თუმცა „ბუს კვერცხების“ წარმოების დაწყებით სამუშაო ადგილების რაოდენობა 5-ით გაიზრდება. სამ თვეში ველით დამატებით ახალ დანადგარს, რომელიც კონკრეტულად ამ პროდუქტის საწარმოო მოცულობების გაზრდის შესაძლებლობას მოგვცემს“, - უთხრა BM.GE-ის მანუჩარ ლებანიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები