მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩაფიძის გულის ცენტრი "რესპუბლიკურის" რამდენიმე ექიმის და ექთნის დასაქმების მზადყოფნას გამოთქვამს

6433c96834b2b
ვიქტორია მღებრიშვილი
10.04.23 12:33
648
ჩაფიძის გულის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი რევაზ ჯორბენაძე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს წარმოდგენილ რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების კონცეფციას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ამ კლინიკის ადგილზე საერთაშორისო სტანდარტების ჰოსპიტალის მოწყობა შესაძლებელია.

უწყების მიერ გამართული პრეზენტაციის შემდეგ, რევაზ ჯორბენაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ჩაფიძის კლინიკა მზად არის რესპუბლიკური საავადმყოფოს რამდენიმე ექიმი და ექთანი დაასაქმოს. ის აღნიშნავს, რომ ამ სამედიცინო დაწესებულებას ყოველთვის კვალიფიციური კადრები ჰყავდა, დღეს კი ქვეყანაში გამოცდილი კადრების დეფიციტია.

„ჯანდაცვის სამინისტრომ საკმაოდ საინტერესო პრეზენტაცია გააკეთა. დღევანდელი მედიცინის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ შესაძლებელია საერთაშორისო სტანდარტების მქონე ჰოსპიტალის მოწყობა.

როგორც პრეზენტაციაში იყო აღნიშნული, საავადმყოფოს დასაქმებულებს კონტრაქტები გაუგრძელდება და მათი ანაზღაურება უზრუნველყოფილი იქნება იმ პერიოდისთვის, სანამ კლინიკის რეაბილიტაცია, თუ ახლის მშენებლობა და აღჭურვა დასრულდება. ასევე, მათ ალტერნატიული დასაქმების ადგილებს შესთავაზებენ. მე, როგორც ერთ-ერთი კერძო კლინიკის წარმომადგენელი და ხელმძღვანელი მზად ვარ, რამდენიმე ადამიანი, ეს იქნება ექიმი თუ ექთანი ავიყვანო და დავასაქმო, რადგან რესპუბლიკურ საავადმყოფოში ყოველთვის იყვნენ და არიან გამოცდილი ადამიანები. მგონია, რომ სხვა კლინიკებიც იგივეს გააკეთებენ.

კვალიფიციური კადრები უსამსახუროდ არ დარჩებიან. დღეს კვალიფიციური კადრების დეფიციტი როგორც საექიმო, ასევე საექთნო პერსონალში არამხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოშია და არც ერთს არ გაუჭირდება ახალი სამსახურის მოძებნა, თუ ის ამას გადაწყვეტს“, - განაცხადა რევაზ ჯორბენაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები