მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩელთი“ შვედეთის ბაზარზე შევიდა - ქართული ღვინო ევროპის 27 ქვეყანაშია წარმოდგენილი

6481e177bd924
სალომე ხიდურელი
09.06.23 10:00
1197
მეღვინეობა „ჩელთის“ წარმოებული ღვინო ექსპორტზე შვედეთის ბაზარზე გავიდა. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ მეღვინეობის კომერციულმა დირექტორმა, ანა მირიანიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც ალკოჰოლურ პროდუქტებზე სახელმწიფო მონოპოლიაა დაწესებული, ბაზარზე შესვლა მხოლოდ ტენდერში გამარჯვების შემდეგაა შესაძლებელი.

„საკმაოდ რთულია ამ ბაზარზე შესვლა, რადგან სახელმწიფო ატარებს კვლევას, იკვლევს ბაზრის საჭიროებას, შემდეგ ცხადდება ტენდერი, რომელშიც ძალიან ბევრი კომპანია იღებს მონაწილეობას და ვლინდება გამარჯვებული. ამ შემთხვევაში არჩევანი ღვინის ხარისხიდან გამომდინარე გაკეთდა. ჩვენ გავაგზავნეთ ჩვენი წარმოების ხიხვი, იყო "ბრმა გასინჯვა" (ე.წ. Blind tasting). ჟიურის წევრებმა არ იცოდნენ, რომელ ღვინოს სინჯავდნენ. ხიხვი ნიშური პროდუქტია, რაზეც დაინტერესება საკმაოდ მაღალია. ძალიან გვიხარია, რომ ქართული ენდემური ჯიშები უცხოელი მომხმარებლებისთვის საინტერესოა“, - ამბობს ანა მირიანიშვილი.

„ჩელთი“ პირველ ეტაპზე შვედეთში 3 600 ბოთლ ღვინოს გააგზავნის, თუმცა დადებითი გამოხმაურების შემთხვევაში, შემდეგი შეკვეთების რაოდენობა გაიზრდება.

გარდა შვედეთისა, როგორც მეღვინეობის წარმომადგენელი „საქმიანი დილას“ ეთერში აღნიშნავს, „ჩელთის“ წარმოების 80% ექსპორტზე ევროპის 27 ქვეყანაში გადის.

„ამერიკასა და აზიაშიც საგრძნობლადაა გაზრდილი მოთხოვნა. ჩვენი ღვინისადმი დაინტერესება ძირითადად ჰორეკა სექტორიდან მოდის, რადგან ჩვენი პროდუქტი საშუალო და მაღალ საფასო კატეგორიასა და სეგმენტს მიეკუთვნება. ჩვენი ღვინო შედის მაღალი რანგის, მაგალითად მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნებშიც, ასევე რამდენიმე ბუტიკური სტილის ღვინის მაღაზიათა ქსელში“, - აღნიშნა ანა მირიანიშვილმა და დასძინა, რომ 2022 წელს მეღვინეობამ საზღვარგარეთ 400 000 ბოთლი ღვინო გაიტანა. თუმცა, მისივე თქმით, "ჩელთისთვის" რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს.

"გვინდა, რომ პრემიუმ ხარისხის ღვინო გვქონდეს, რომელსაც რამდენიმე წლით დავარეზერვებთ და უფრო მაღალ ფასად გავყიდით. ახლახან დავაანონსეთ ახალი ხაზი Chelti Heritage – ღვინის საუკეთესო რეზერვი 2007 წლიდან მოყოლებული და რამდენიმე ასეული ბოთლი ერთიანად გამოვიტანეთ გასაყიდად. ამიტომ რაოდენობაზე მეტად, ხარისხზე ვართ ორიენტირებული“, - განაცხადა მან.

„ჩელთის“ სამომავლო გეგმებში საკუთარი ვენახების გაფართოება შედის. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, 20 ჰექტარ ტერიტორიაზე განსხვავებული ჯიშის ყურძნის ვენახის გაშენება იგეგმება, რის ხარჯზეც პროდუქციის რაოდენობაც გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები