თითქმის ერთი წლის წინ თბილისში, შავთელის ქუჩაზე პირველი უმი ვეგანური კაფე "უმმი" გაიხსნა და როგორც მისი თანადამფუძნებელი სალომე კალანდაძე ამბობს მთავარი მიზანი ადამიანებისთვის ჯანმრთელობისა და ენერგიის შენარჩუნების საიდუმლოს გაზიარება იყო.
მან BM.GE-სთან საუბრისას თქვა, რომ კერძებს არც ხარშავენ, არც წვავენ და არც აცხობენ. აქ კერძების სრულ ასორტიმენტს შეხვდებით, თუმცა ქვაბი და ტაფა არცერთი მათგანის შექმნაში არ მონაწილეობს.
"საქართველოში უმი ვეგანური კვების კაფე არ არსებობს, ჩვენ პირველები ვართ, ეს მეთოდი ევროპაშიც ახლა იკიდებს ფეხს და პირდაპირ ადამიანის ჯანმრთელობაზე - კანზე, თმის ხარისხზე, ძილის რეჟიმის მოწესრიგებასა და დაავადებების მკურნალობასთანაა დაკავშირებული. მთავარი მიზანი იყო, რომ ადამიანებისთვის ის სარგებელი გაგვეზიარებინა, რაც კვების ამ მეთოდმა მოგვიტანა - სამზარეულოში ტაფა და ქვაბი არ გვაქვს, მხოლოდ ბლენდერი. კერძებს არც ვაცხობთ, არც ვწვავთ და არც ვხარშავთ, ოთხი ტექნოლოგია გვაქვს - გაღივება, დეჰიდრატაცია, ფრიზინგი და ფერმენტაცია - ასე იქმნება უმი პიცა, გამომშრალი პური, ყაბაყის სპაგეტი და აშ. ,’’ - აცხადებს სალომე კალანდაძე.
"უმმის" თანადამფუძნებელი ამბობს, რომ მომხმარებლების 90% უცხოელი ტურისტები არიან, რომლებისთვისაც ძალიან სასიამოვნო სიახლეა, რომ საქართველოში მსგავსი სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ, ასევე ინტერესდებიან ადამიანები, რომლებსაც წონაში კლება უნდათ.
რაც შეეხება კაფის შექმნაში ჩადებულ ინვესტიციას, მისი თქმით, ყველაფერი სახლის პირობებში, ნულოვანი ინვესტირებით დაიწყო:"თავიდან ყველაფერს სახლში ვამზადებდით, თანხა, რომ შემოვიდოდა უკან ვაბრუნებდით და ასე ნელ-ნელა წინ მივიწევდით. ერთი წლის წინ კი "შარქ თენქის" დახმარებით 70 000 ლარიანი თანადაფინანსება მივიღეთ და გავფართოვდით".
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მისი თქმით, ჯერ ინფორმაციის გავრცელების ეტაპზე არიან, თუმცა მალე ახალი ფილიალების გახსნაზეც იფიქრებენ, ამ ეტაპზე კი მოლაპარაკებებს ბერლინსა და ამსტერდამში აწარმოებენ, რომ "უმმი" საერთაშორისო პროდუქტად აქციონ, რომ მათი ტექნოლოგიით კერძები სხვა ქვეყნებშიც დამზადდეს.
"უმმი" ამჟამად 15-მდე ადამიანს ასაქმებს. კაფის ტერიტორიაზე 30-მდე სტუმრის განთავსებაა შესაძლებელი, კერძების საფასური კი 15-40 ლარს შორის მერყეობს.