მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაარეგულირებს თუ არა ახალი კანონპროექტი დისტრიბუტორებისა და რიტეილის ბიზნეს ურთიერთობას?

63f382950d25f
ვიქტორია მღებრიშვილი
20.02.23 18:39
1797
პრემიერ-მინისტრმა სურსათის ფასების დარეგულირების მიზნით ეკონომიკის სამინისტროს ახალი კანონპროექტის შემუშავება დაავალა და იქვე აღნიშნა, რომ ბიზნესის საქმიანობაში სახელმწიფოს უხეში ჩარევა მათი ხელწერა არ არის. მისი თქმით, მოსახლეობის ინტერესების საპასუხოდ სურსათის ფასები ევროდირექტივაზე დაფუძნებული კანონით დარეგულირდება, რომელიც პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე უნდა განიხილოს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ „საქმის კურსში“ ისაუბრა და განაცხადა, რომ სავაჭრო ბაზრის დარეგულირების ევროპული გამოცდილების გაზიარებაზე გაერთიანება, არსებული გამოწვევების გამო წლებია საუბრობს.

„ყველაზე მტკივნეული სადისტრიბუციო კომპანიებისთვის ბიზნეს ურთიერთობისას, ეს გადაუხდელი თანხებია, დაგვიანებული გადახდები, დაკეტილი მაღაზიები, რეალიზებული პროდუქციის 60-90 დღის შემდეგ გადახდები, რაც მძიმე ტვირთად აწევთ კომპანიების“, - განაცხადა ჭყონიამ.

კითხვაზე - დაარეგულირებს თუ არა ახალი კანონპროექტი დისტრიბუტორებისა და რიტეილის ბიზნეს ურთიერთობას, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ეს იმპორტიორ-დისტრიბუტორებისა და რიტეილის ურთიერთობას მოაწესრიგებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები დაარეგულიროს, რომელიც დღევანდელ დღეს არის. ჩვენი შეფასებით ძალაუფლება ცალ ხელშია. რიტეილ სექტორის დღეს გაცილებით ძლიერია, ვიდრე სადისტრიბუციო კომპანიები, რადგან წლიდან წლამდე უფრო მეტ ძალაუფლებას იძენენ.

კანონპროექტის შემუშავების პროცესში აქტიურად უნდა იყოს ჩართული, როგორც ჩვენი მხარე, ასევე რიტეილ სექტორი, რადგან არ გვინდა ბაზარს სერიოზული ზიანი მივაყენოთ, რაც სავალალო შედეგებს მოიტანს.

მნიშვნელოვანია, კანონპროქტი სწორად შემუშავდეს, რაც არ იქნება წნეხი რიტეილისა და სადისტრიბუციო კომპანიებისთვის“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობის 6 თებერვლის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოქალაქეების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავის - პროდუქტზე გაზრდილი ფასები შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ კონკურენციის სააგენტომ მისი დავალებით პროდუქტებზე არსებული ფასნამატი შეისწავლა და პირველადი შედეგები შემაშფოთებელი აღმოჩნდა. მთავრობის მეთაურმა ამისთვის იმპორტიორები გააკრიტიკა და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს 2 კვირის განმავლობაში საკითხის მოკვლევა და რეკომენდაციების წარდგენა დაავალა, რათა პროდუქტის ფასები გონივრული პროცენტებისა და მარჟების ფასებში დარეგულირდეს.

მომხმარებლის მხრიდან მაღალი ფასნამატით პროდუქტის შეძენა დისტრიბუტორთა ასოციაციამ და რითეილ ასოციაციამ BM.GE-სთან გაკეთებულ განცხადებებში დაადასტურეს. ერთი მხრივ, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია ამის მიზეზად სურსათზე რიტეილ სექტორში მაღალ გადასახადებს და დარგისთვის გაზრდილ საოპერაციო ხარჯებს ასახელებდნენ. რითეილ ასოციაციაში კი განმარტავდნენ, რომ ქსელურ მარკეტებამდე პროდუქტი უკვე გაზრდილი ფასით მიდის და მათი ხარჯები დისტრიბუტორთა ასოციაციისას აღემატებოდა.

18 თებერვალს კი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სურსათის სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც გაირკვა, რომ სამინისტრო საცალო ვაჭრობის შესახებ კანონპროექტს მოამზადებს, რომელშიც შესაბამისი ევროდირექტივის მოთხოვნები აისახება. კანონპროექტის განხილვის პროცესში ბიზნესი აქტიურად ჩაერთვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები