მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეიდან საქართველოს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს „სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია შეეძლება

6087cfa7a7788
ინგა მურუსიძე
27.04.21 12:55
1743
„სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეიდან, 18 წლის ზემოთ მყოფ ყველა მოქალაქეს შეუძლია. გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ დღეს მიიღო.

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პორტალი 20:00 საათიდან გაიხსნება.

„დღეს საღამოს 20:00 საათზე 18 წლის ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიხსნება პორტალი, სადაც მათ შეეძლებათ დარეგისტრირება „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის. ამის საფუძველი არის ის, რომ არსებობს არაერთი კვლევა, რომ 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის „სინოფარმი“ არის უსაფრთხო ვაქცინა და შესაბამისად, საბჭო დაეყრდნო საერთაშორისო გადაწყვეტილებას. ჩვენს მოქალაქებს ვაძლევთ საშუალებას, აიცრან „სინოფარმით“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, საყოველთაო ვაქცინაცია ჯერ არ იწყება, რადგან ჯერ კიდევ არის ნაბიჯები გადასადგმელი.

კითხვას -  რას იზამს ჯანდაცვის სამინისტრო თუკი ჯანმო „სინოფარმს“ ავტორიზაციას არ მიანიჭებს და შეწყდება თუ არა ვაქცინაცია, ჯანდაცვის მინისტრი ასე პასუხობს: “29 აპრილს გაიმართება ჯანმოს სხდომა, სადაც მიიღებენ გადაწვეტილებას „სინოფარმთან“ მიმართებით, თუმცა ჩვენ გვაქვს არაერთი, მტკიცებულებაზე დაყრდნობილი ინფორმაცია, რომ „სინოფარმი“ არის უსაფრთხო. გარდა ამისა, ჩვენ ვეყრდნობით მკაცრი მარეგულირებლების გადაწყვეტილებას, რომელ ქვეყნებშიც „სინოფარმით“ ვაქცინაცია მიმდინარეობს. "სინოფარმის" ვაქცინით უკვე აცრილია მილიონობით ადამიანი“.

ჟურნალისტიკის რეპლიკაზე - გამოდის, რომ ჯანმოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის მნიშვნელობა არ აქვს, ტიკარაძემ უპასუხა, რომ ეს არ უთქვამს და ელოდებიან 29 აპრილის გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება „სინოფარმის“ ეფექტიანობას, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, პრიორიტეტულია ლეტალობის მაჩვენებლის დაწევა.

„ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი და ეპიდემიოლოგიური ვითარება არის დაძაბული. მნიშვნელოვანია ამის საპირწონედ გამოვიყენოთ ყველა იარაღი, რომ თავიდან ავიცილოთ ჩვენი მოქალაქეების დაინფიცირება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები