საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობამ პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ ფარგლებში „საქართველოში კორპორაციული მართვის მნიშვნელობასა და კორპორაციული ანგარიშგების სისტემის კვლევის შედეგები“ გამოაქვეყნა.
ბუღალტრული ანგარიშგებების ანალიზი საქართველოში მოქმედი, სხვადასხვა კატეგორიის, 100 ბიზნეს სუბიექტის კვლევის შედეგად მომზადდა.
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის კვლევის ძირითადი დასკვნების მიხედვით, საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით შეესაბამება ევრო დირექტივების მოთხოვნებს კორპორაციული ანგარიშგების რეგულირების კუთხით, ცალკეული საკითხები კი სადაც გარკვეული განსხვავებები იქნა გამოვლენილი, საერთო შესაბამისობაზე არსებით გავლენას ვერ ახდენენ.
კვლევის მიხედვით, გამოკვლეული ანგარიშგებების დაახლოებით 55%-ს სხვადასხვა ტიპის ხარვეზი აქვს. ხარვეზები დაახლოებით თანაბრად არის დაკავშირებული ფინანსურ ანგარიშგებასთან და მმართველობის ანგარიშგებასთან, ასევე ისინი უკავშირდება ტექნიკურ საკითხებს და კანონმდებლობით გათვალისწინებული წარდგენის ვადების დარღვევას.
დოკუმენტის დასკვნებსა და შეფასებებში ასევე აღნიშნულია, რომ IV კატეგორიის საწარმოების ანგარიშგების გასაჯაროების პროცედურა, უნდა შეიცვალოს, რათა მან ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონის მე-9 მუხლით, დაინტერესებული პირისათვის დადგენილი უფლების რეალიზაცია პრაქტიკაში ეფექტიანად უზრუნველყოს. კერძოდ, აღნიშნული მუხლი ადგენს: პირს უფლება აქვს, სამსახურის მიერ დადგენილი წესით მოითხოვოს მეოთხე კატეგორიის საწარმოს ანგარიშგება;
ამასთან, საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ უცილობლად ყველა ბიზნეს სუბიექტზე უნდა ვრცელდებოდეს და ქვეყანაში კერძო სამართლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის სუბიექტები არ უნდა არსებობდნენ, მიუხედავად მათი ზომისა, რომელთა აღრიცხვა-ანგარიშგება აღნიშნული კანონის რეგულირების სფეროში არ ხვდება;
კვლევის ავტორების რეკომენდაციით, მიზანშეწონილია მომზადდეს, საქართველოს კანონში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ, ცვლილების პროექტი, რომელიც ზედამხედველობის სამსახურს მეოთხე კატეგორიის საწარმოების ანგარიშგების გასაჯაროებისთვის უფრო კონკრეტულ ჩარჩოს განუსაზღვრავს.
„საქართველოში კორპორაციული მართვის მნიშვნელობასა და კორპორაციული ანგარიშგების სისტემის კვლევის შედეგები“ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა და მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელი საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაა.