მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინიციატივას კარგი ეფექტი ექნება“ - კაჭკაჭიშვილი უძრავი ქონების მესაკუთრეთა დაცვის ახალ მექანიზმზე

645e0dfc8e515
ვიქტორია მღებრიშვილი
12.05.23 18:22
1841
აღსრულების ეროვნული ბიურო მუშაობს ახალ ინიციატივაზე, რომელმაც მესაკუთრეები უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ფინანსურ ოპერაციებში (ქირავნობა; ნასყიდობა და სხვა) სახელშეკრულებო რისკებისგან უნდა დაიცვას. ინიციატივის თანახმად, აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესაძლებელი გახდება სასყიდლიანი ხელშეკრულების (მათ შორის, იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულების) რეგისტრაცია. მისი სავალდებულო პირობა იქნება მხარეთა შეთანხმება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო, სასამართლოს გარეშე, გამოსცემს აქტებს შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების ან/და უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

აღნიშნული ინიციატივის შეფასება bm.ge-მ უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის იურისტს ოთარ კაჭკაჭიშვილს სთხოვა. უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში უძრავი ქონების ეროვნულმა ასოციაციამ საქართველოს მთავრობას საპოლიციო წესის აღსადგენად საკანონმდებლო ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღების თხოვნით მიმართა, თუმცა პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხი არ მიუღია. დღეს კი გაერთიანების იურისტი ამბობს, რომ ახალი ინიციატივის შესახებ ასოციაციაში არ იცოდნენ და ბიზნესგაერთიანება კანონპროექტის შემუშავების პროცესში ჩართულობას ითხოვს.

„მიუხედავად საკითხთან მიმართებით უძრავი ქონების ასოციაციის ამდენი განცხადებისა, სამწუხაროდ, ჩვენ ამ პროცესში ჩართულები არ ვართ. ამიტომ, ინიციატივის განხილვებში ჩართვას ვითხოვთ, რადგან სფეროში არსებული პრობლემების შესახებ უფრო კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს და სამუშაო ჯგუფს კარგ რჩევებს გავუზიარებდით“, - აცხადებს კაჭკაჭიშვილი.

ასოციაციის იურისტი მიესალმება მესაკუთრეთა უფლებების დაცვის მექანიზმის ამ სახით ამოქმედებას და განმარტავს, რომ ინიციატივის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილება მხოლოდ იმ შეთანხმებებზე გავრცელდება, რომელიც ბიუროში ორივე მხარის თანხმობით დარეგისტრირდება.

„შემოსავლების სამსახურში არსებობს ბინის გამქირავებელთა რეესტრი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ბინას ვაქირავებ და ამ რეესტრში ვრეგისტრირდები, გადავიხდი 5%-ს. სავარაუდოდ, გაკეთდება ასეთივე რეესტრი, რომელშიც ბინის გამქირავებელი და დამქირავებელი შეთანხმებას ატვირთავენ, სადაც ეწერება, რომ მესაკუთრე და დამქირავებელი თანხმდებიან, რომ პირობების დარღვევის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო მათ ბინიდან გამოასახლებს. აქ განსხვავება ის არის, რომ ხელშეკრულებაც უნდა იყოს ატვირთული და მეორე მხარე უნდა ადასტურებდეს ამ შეთანხმებას. ეს ფორმა საპოლიციო გამოსახლების ფორმისგან აბსოლუტურად განსხვავებულია და ვიწრო წრეზეა გათვლილი. პრევენციულად ამ ინიციატივას ძალიან კარგი ეფექტი ექნება, შეიძლება მიმართვიანობის დონე არ გაიზარდოს, თუმცა პრობლემები შემცირდება“, - განმარტავს კაჭკაჭიშვილი.

ცნობისთვის: 2015 წლის 29 დეკემბერს „ქართული ოცნების“ პარლამენტის გადაწყვეტილებით, ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესი გაუქმდა. ამ ცვლილებით უკანონოდ მითვისებული ქონების კანონიერ მესაკუთრესთან გადასვლის წესები მნიშვნელოვნად გართულდა, რადგან თუ 2015 წლამდე უძრავ ქონებაში უკანონოდ მყოფი ან შეჭრილი პირის გამოყვანა პოლიციის ძალით იყო შესაძლებელი; 2016 წლიდან კი, პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოყვანა/გამოსახლება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების პოლიციის მიერაა შესაძლებელი.

2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების გააქტიურებულმა მიგრაციამ საქართველოს დიდ ქალაქებში გასაქირავებელი უძრავი ქონების მესაკუთრეებს გარკვეული პრობლემები შეუქმნა, რა დროსაც გახშირდა ფაქტები, ქირით დაკავების შემთხვევაში ურჩი გადამხდელების შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები