ავტოინდუსტრიაში 2020 წელს პანდემიის გარდა, გლობალური პრობლემებიც ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა. კერძოდ, მსოფლიო ბაზრებზე ნახევრად გამტარი ჩიპების წარმოების პრობლემა შეიქმნა, რაც პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე გაჯეტებზე გაზრდილმა მოთხოვნამ გამოიწვია. შედეგად წარმოებაში შექმნილი ხარვეზებიდან გამომდინარე, ბაზარზე ავტომობილების დეფიციტი გაჩნდა.
“ჯითი მოტორსში”, რომელიც საქართველოში "ლენდ როვერის", "იაგუარის", "ფორდის" და "სუზუკის" მარკის ავტომობილებს აერთიანებს, აღნიშნავენ, რომ მიუხედავად 2020 წლის გამოწვევებისა, გასულ წელს ზოგიერთ ბრენდზე, მაგალითად ისეთი როგორიც არის “ფორდი”, 100%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სწორი მარკეტინგული კამპანიის შედეგი იყო. მეტიც სწორედ გასულ წელს კომპანიამ, "ფორდისგან" აზერბაიჯანში გლობალური იმპორტიორის უფლება მიიღო. თუმცა, პრობლემები 2021-შიც არსებობს. ბაზარზე ავტომობილებზე მოთხოვნა გაზრდილია, თუმცა ის დეფიციტურია. კურსის არასტაბილურობამ ფასების ზრდაც გამოიწვია.
“მსოფლიოში ჩიპების წარმოების დეფიციტიდან გამომდინარე ავტომობილების მოწოდება საკმაოდ რთულია. მოწოდების პრობლემა რომ არ ყოფილიყო, კონკრეტული მარკის ავტომობილებზე მაღალი გაყიდვების მაჩვენებლები გვექნებოდა. წელს თუ ხელი არაფერმა შეგვიშალა გაყიდვების მაჩვენებლებში ზრდა დაგვიფიქსირდება.” - განაცხადა “ჯითი მოტორსის” დირექტორმა თემურ უსტიაშვილმა.