მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთის გზატკეცილზე მეფრინველეობის ფერმა და საკვები ობიექტი „ბუფეტი“ ამოქმედდა

63fc5f8acaa3c
ვიქტორია მღებრიშვილი
28.02.23 09:00
2774
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, კახეთის გზატკეცილზე, სოფელ ხაშმის გადასახვევთან რამდენიმე ჰექტარზე, ერთ წელზე მეტია ფრინველების ფერმა და იქვე 2023 წლის დადგომასთან ერთად ახალი სწრაფი კვების ობიექტი „ბუფეტი“ გაიხსნა. ბიზნესის ამოქმედებისთვის კომპანია „ხაშმი აგრო გრუპმა“ 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო და 30 სამუშაო ადგილი შექმნა.

კომპანიის დამფუძნებელი სოსო ყირმელაშვილი BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ მეურნეობის ამოქმედების იდეა ტურიზმის სფეროში მისი გამოცდილების შედეგად გაჩნდა.

„თავად ხაშმიდან ვარ და გზატკეცილის ამ მონაკვეთზე მეურნეობისა და საკვები ობიექტის მოწყობაც ამიტომ გადავწყვიტე. ტურიზმისა და ტურისტების მომსახურების მიმართულებით დიდი გამოცდილება მაქვს, წლების განმავლობაში რეგიონებში ტურისტების გადაყვანისას, თითქმის ყველგან საქართველოში ჩამოსულები მოწყობილი საკვები ობიექტების და საპირფარეშოების პრობლემას აწყდებიან. ჩვენი მეურნეობა კი ადგილობრივებსა თუ უცხოელ ტურისტებს კახეთისკენ მგზავრობისას მისაღებ ფასად კომფორტულ და კეთილმოწყობილ გარემოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით მომზადებული კერძების დაგემოვნება შეეძლებათ“, - ამბობს ყირმელაშვილი.

4 ჰა-ზე მოწყობილ ფერმაში მწყერი, ქათამი, იხვი, ინდაურები და ასევე კურდღლები ჰყავთ. ფერმაში გამოზრდილი ფრინველის ხორცი და კვერცხი კი გზისპირა საკვებ ობიექტში იყიდება. შესაბამისად, კახეთის მიმართულებით მიმავალ, ან იქიდან მომავალ მგზავრებს „ბუფეტში“ არამხოლოდ შესვენება და წახემსება, არამედ ნატურალური პროდუქტების, ღვინის და საჩუქრების შეძენაც კი შეუძლიათ.




სოსო ყირმელაშვილის ამბობს, რომ ადგილზე არამხოლოდ თავისი მეურნეობის პროდუქტები, არამედ ადგილობრივ ფერმერებთან პარტნიორობით რძის ნაწარმი და სხვა პროდუქტები იყიდება.

მომავალში „ხაშმი აგრო გრუპის“ გეგმაში მეურნეობის გაფართოება და მესაქონლეობის ფერმის მოწყობა შედის, რათა რძის პროდუქტებისა და ხორცის რეალიზების კუთხით სხვაზე არ იყოს დამოკიდებული. ის ამბობს, რომ მაღალი ხარისხის, ნატურალური პროდუქტის მოძიება უჭირს და საკუთარი ფერმა ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. მეწარმე ამ გეგმის განხორციელებას უახლოეს პერიოდში გეგმავს, თუმცა როდის, ვერ აკონკრეტებს.

ცნობისთვის, „ხაშმი აგრო გრუპმა“ ფერმისა და საკვები ობიექტის პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში განახორციელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები