მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP 10 ეკონომიკური მოვლენა

6162f74e0d7a5
BM.GE
10.10.21 19:00
1042
გასული კვირა საზოგადოებისთვის მძიმე და ტრაგიკული აღმოჩნდა. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო 11 ოქტომბერი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით დაკავებულია 3 პირი. მოგეხსენებათ, 24 ოქტომბერს თბილისობის "დისტანციური" ღონისძიების გამართვისთვის თბილისის მერიას 500 000 ლარი ჰქონდა გამოყოფილი, რომელიც კახა კალაძის გადაწყვეტილებით სრულად ბათუმის დასახმარებლად გადაირიცხება.


გთავაზობთ გასული კვირის (4 – 9 ოქტომბერი, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. 2020 წელს საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 191.0 ლარი იყო
2. 2021 წლის სექტემბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 12,3% შეადგინა
3. 2022 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები
4. სახელმწიფომ მიმდინარე წელს 271 მლნ ლარის ღირებულების უძრავი ქონება გაყიდა
5. 2022 წლიდან ასაკის მიხედვით პენსია 20-25 ლარით გაიზრდება
6. ფლობს თუ არა თანაინვესტირების ფონდი ფოთის თიზ-ის მმართველ კომპანიაში წილს
7. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პასუხი თანაინვესტირების ფონდს
8. რამდენს ხარჯავს სახელმწიფო კომპანია გაზის ტარიფის სუბსიდირებაზე
9. რეკორდულად გაზრდილი გაზის ფასი ევროპაში და საქართველოს სატრანზიტო გაზის მოცულობა
10. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მთავრობა COVID-19-ის მართვაზე 500 მილიონს დახარჯავს


1. 2020 წელს საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 191.0 ლარი იყო

2020 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 5.4%-ით (61.5 ლარით) გაიზარდა და 1 191.0 ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის დარგში დაფიქსირდა (2 156.9 ლარი), ხოლო ყველაზე მცირე სოფლის მეურნეობის დარგში (819,0 ლარი). რაც შეეხება ხელფასების სექტორების მიხედვით განაწილებას, სახელმწიფო სექტორში 1 024.4 ლარი, ხოლო კერძო სექტორში 1 284.9 ლარი შეადგინა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3BzuVtO 


2. 2021 წლის სექტემბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 12,3% შეადგინა

2021 წლის სექტემბერში წლიური ინფლაციის დონემ 12.3% შეადგინა. ორნიშნა ონფლაციის მაჩვენებელი დაფიქსირდა შემდეგ ჯგუფებში: ტრანსპორტი (20,3%); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (15,9%); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (12,5%); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (11,8%); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (10,7%). სასურსათო პროდუქციის მოხმარების მაღალი წილის გამო, აღნიშნულ ჯგუფში ფასების მატება 4.99 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის საერთო მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში გატარებული მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, ივნისში დაფიქსირებული 9,9%-იანი ინფლაციის შემდეგ, სამი თვის განმავლობაში მუდმივად ორ ნიშნა ინფლაცია ფიქსირდება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3lpGsG7 ; https://bit.ly/3lrIc1S 


3. 2022 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები

საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის განახლებული ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, 2021 წელს საქართველოს რეალური მშპ 9.5%-ით გაიზრდება, ხოლო ეროვნული ბანკის მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და განხორციელებული ინტერვენციების გავლენით გაცვლითი კურსის მკვეთრ მერყეობას არ ელოდებიან. მსოფლი ბანკის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით კი წელს საქართველოს ეკონომიკა 8%-ით გაიზრდება, 2022 წლისთვის 5.5%-მდე, ხოლო 2023 წელს 5,0%-მდე შემცირდება. საქართველოს მთავრობის პროგნოზით კი 2021 წელს რეალური მშპ 9.5%-მდე გაიზრდება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2YAiRtl ; https://bit.ly/3DqAUBv ; https://bit.ly/3oMkWNS 



4. სახელმწიფომ მიმდინარე წელს 271 მლნ ლარის ღირებულების უძრავი ქონება გაყიდა

მიმდინარე წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 1780 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, ჯამში კი 271 მლნ ლარის ღირებულების უძრავი ქონება გაყიდა, მათ შორის 6 სახელმწიფო საწარმოც გაიყიდა, ხოლო დამატებით 5 სახელმწიფო საწარმოა მომზადებული. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი საპრივატიზაციო გეგმა 350 მლნ ლარს შეადგენს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3mGZYgX

5. 2022 წლიდან ასაკის მიხედვით პენსია 20-25 ლარით გაიზრდება

2022 წლიდან ასაკის მიხედვით პენსია 20-25 ლარით გაიზრდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 285 მლნ ლარი გამოიყოფა. ამასთან, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები ადამიანების პენსია 360 ლარამდე გაიზრდება. პენსიის ზრდა 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80%-ის ჯამით მიიღება, მაგრამ არანაკლებ 25 ლარისა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3AEyEFb 

6. ფლობს თუ არა თანაინვესტირების ფონდი ფოთის თიზ-ის მმართველ კომპანიაში წილს

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) ბრიტანულ Guardian-თან და BBC-ისთან ერთად ოფშორული ზონებისა და დამალული ქონებების შესახებ “Pandora Papers”-ის სახელით ცნობილი ახალი მასალები გამოაქვეყნა. საქართველო ამ მხრივ აქტუალური იყო იმიტომ, რომ ინფორმაცია გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქტივების შესახებ. ფოთის თიზ-თან დაკავშირებით BMG-ის წერილზე ფონდში შემდეგი პასუხი გასცეს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდი ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უშუალოდ არ ფლობს წილებს, თუმცა ,, Brightstone Finance Limited-ის გავლით ფლობენ წილს მენეჯმენტ კომპანიაში, რომელიც თავად ამ ინდუსტრიულ ზონას მართავს.’’
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3luVgUd ; https://bit.ly/3mCinvb ; https://bit.ly/3Ay0geJ 


7. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პასუხი თანაინვესტირების ფონდს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისათვის ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავენ, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის 1.5 მლნ ლარია გათვალისწინებული. განცხადებას ავრცელებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმიც, სადაც აცხადებენ: ,, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი ფოთ-ის თიზ-ის მმართველი კომპანიის მეწილე გახდა, ანაკლიის პორტის, ასევე ამ პროექტის ინვესტორების წინააღმდეგ სახელმწიფომ მიზანმიმართული კამპანია დაიწყო.’’

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3lq1UuP ; https://bit.ly/3lq5lBK 


8. რამდენს ხარჯავს სახელმწიფო კომპანია გაზის ტარიფის სუბსიდირებაზე

ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით სახელმწიფო კომპანია “ნავთობისა და გაზის კორპორაციას” 2020 წელს გაზის ტარიფის სუბსიდირება 199 მილიონი ლარი, ხოლო 2021 წლის სუბსიდირების პროგრამა კი 302 მილიონ ლარად არის შეფასებული. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით სუბსიდირების პოლიტიკა პანდემიის პირობებშიც გაგრძელდება და მისივე თქმით, რომ არა აღნიშნული სუბსიდირება ბუნებრივი არის ღირებულება ბევრად მეტი იქნებოდა. ლარის გაუფასურების პირობებში ბუნებრივი აირის ტარიფის ,,დაჭერის’’ ერთ-ერთ გზად ტარიფის სუბსიდირება განიხილება, ხოლო ბუნებრივი აირის მთავარ მომწოდებელ აზერბაიჯანთან დადებულ ხელშეკრულებაში არსებული შეთანხმებების მოდიფიცირება და შესასყიდი გაზის ღირებულების გადახედვის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის საიდუმლოებას წარმოადგენს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2YAEoCa ; https://bit.ly/3ArfPoM; 


9. რეკორდულად გაზრდილი გაზის ფასი ევროპაში და საქართველოს სატრანზიტო გაზის მოცულობა

ცივი ამინდების შედეგად გაზრდილი მოთხოვნისა და ადგილობრივი მარაგების შემცირების გამო ევროკავშირში გაზის ფასი რეკორდულად გაიზარდა. რაც შეეხება საქართველოზე გამავალი სამხრეთ-კავკასიური მილსადენებს, 2020 წელს შაჰ დენიზი 1-ისა და შაჰ დენიზი 2-ის მეშვეობით, საერთო ჯამში 11.1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 21%-ით მეტია.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3BptU7k 

10. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მთავრობა COVID-19-ის მართვაზე 500 მილიონს დახარჯავს

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მომდევნო წელს მთავრობა COVID-19-ის პაციენტთა მართვაზე 2021 წელთან შედარებით 310 მილიონი ლარით ნაკლებს, 500 მილიონ ლარს დახარჯავს. 2022 წელს ჯანდაცვის პროგრამების საერთო ხარჯი 1.73 მილიარდი ლარით იქნება განსაზღვრული. 2021 წლის მაის-ივნისში საქსტატის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით COVID-19-სგან თავდაცვის მიზნით, რესპოდენტების 80.1% პირბადეს ყოველთვის ატარებდა, 15.4% - ხშირად, 2.5% - ხანდახან, 1.5% - იშვიათად, ხოლო 0.5% საერთოდ არ ატარებდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 8 ოქტომბრის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 30%, ხოლო ერთი დოზით 35,1%.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2YyD2YX ; https://bit.ly/3Fy9ews 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები