საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტ სოსო ფხაკაძის შეფასებით, ლარის კურსის ის ნიშნული, რაც დღეს გვაქვს არანაირად არ ასახავს სინამდვილეში არსებულ მაკროეკონომიკურ სიჯანსაღეს.
ამის შესახებ ფხაკაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც BAG-ის პრეზიდენტი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სავალუტო ინტერვენციების გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ მივესალმებით გასულ კვირაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციას და ეს პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, მანამ სანამ ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები გვიწყობს ხელს და მინიმიზირებულია საგარეო შოკის კუთხით მოსალოდნელი ნეგატიური ზეგავლენა. ვერავინ ვერ იტყვის იმას, თუ რა კურსზე შეიძლება ჩამოყალიბდეს ლარის წონასწორობის ახალი ნიშნული, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც ვთქვით, დღევანდელ ლარის გაცვლით კურსში დევს ნეგატიური “მოლოდინების პრემია” და ეს პრემია უნდა მოხსნას ეროვნულმა ბანკმა საკუთარი სავალუტო ინტერვენციებით. ეს არის ერთადერთი სწორი გზა და ვალდებულებაც, რაც უნდა გააკეთოს ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა.
ლარის დევალვაციის გამო მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული მსყიდველობითი უნარი, რაც უაღრესად ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ნებისმიერი სახის ბიზნესზე და ეს ვითარება ყველამ კარგად უნდა გავაანალიზოთ და გავითვალისწინოთ.
2014-2018 წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ გონივრულად იმოქმედა. გაცვლითი კურსის კორექციის გზით განხორციელდა უაღრესად მძიმე საგარეო შოკების შთანთქმა და საქართველო მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაზარალებული გამოვიდა ამ პროცესებიდან. დღეს ვითარება არის შეცვლილი და შესაბამისად საჭიროა სხვა ტიპის სავალუტო პოლიტიკის განხორციელება. ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს, როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკთან, ასევე საქართველოს მთავრობასთან და ბუნებრივია, ყველანაირად შევეცდებით ჩვენი დადებითი წვლილი შევიტანოთ შიდა სავალუტო ბაზარზე ვითარების დარეგულირების საქმეში. როგორც ზემოთაც აღინიშნა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ობიექტურად იმსახურებს ჰქონდეს უფრო ძლიერი ეროვნული ვალუტა, ვიდრე ის მას დღეს აქვს. დარწმუნებული ვართ, ეროვნული ბანკის, მთავრობისა და ეკონომიკური სუბიექტების ერთობლივი ძალისხმევით უახლოეს დღეებში მოხერხდება ლარის კურსის კორექტირება დაწევის მიმართულებით”, - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

























