მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

logisticswise - კომპანია, რომელიც ონლაინ მაღაზიებს მთავარ ბიზნესზე ფოკუსირების საშუალებას აძლევს

5fcf744e140d5
BM.GE
09.12.20 09:00
1367
თუ covid-19-ის პანდემია ვინმესთვის შესაძლებლობაა, ერთ-ერთი მათ შორის ელექტრონული კომერციის ბიზნესია, რადგან გადაადგილებასთან დაკავშირებული და სხვა „წერტილოვანი შეზღუდვების“ გათვალისწინებით, საქართველოშიც ონლაინ ვაჭრობა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. www.logisticswise.ge - ეს არის ახალი პლატფორმა, რომელიც ბაზარზე რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. კომპანიის მიზანია, როგორც გლობალურ ბრენდებს, ისე ადგილობრივ საცალო მოვაჭრეებს ელექტრონული კომერციის წარმოებასთან დაკავშირებული დაბრკოლებების გადალახვაში დაეხმარონ. კერძოდ, საუბარია, საწყობების და საკურიერო-ლოჯისტიკის სერვისის შეთავაზებაზე, რომელიც ელექტრონული კომერციის დიდ ჯაჭვში ერთ-ერთი მთავარი რგოლია. უფრო დეტალურად ახალი პლატფორმის სერვისებზე, უპირატესობებსა და კომპანიის გეგმების შესახებ შპს LogisticsWise-ის დამფუძნებელი ელიზბარ ლომინაძე საუბრობს.

გვიამბეთ Logisticswise-ის შესახებ, როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა და რამდენი ხანია, რაც ბაზარზე არსებობთ?

ელექტრონული კომერციის როლზე და მის მნიშვნელობაზე საცალო გაყიდვებში დიდი ხანია კითხვები აღარ ისმის. აქ ყველაფერი ნათელია, ელექტრონული კომერციის წილი ყოველწლიურად იზრდება და ეს პროცესი შეუქცევადი იყო უკვე პანდემიამდეც.

ერთი შეხედვით ელექტორნული კომერცია საცალო გაყიდვებში მხოლოდ ლამაზ ვებ-გვერდთან ასოცირდება, მაგრამ რეალურად ეს გაცილებით რთული პროცესია, რომელიც დაკავშირებულია მნიშვნელოვან პრობლემებთან ნაშთების კონტროლის, სასაწყობე ფართების მენეჯმენტის, შეფუთვის, საკურიერო და ლოჯისტიკური ციკლის მართვის, ასევე მომხმარებელთან ურთიერთობის კუთხით. ჩვენი წინა საქმიანობიდან გამომდინარე კომპანიის დამფუძნებლებს გვქონდა ისეთ გლობალურ ბრენდებთან თანამშრომლობის გამოცდილება როგორებიცაა H&M, M&S და Next, სწორედ მათთან ურთიერთობისას პირადად ვიხილეთ ამ კომპანიების დაბრკოლებები ელექტრონული კომერციის წარმოებისას საწყობების და საკურიერო-ლოჯისტიკის მიმართულებით. ეს პრობლემები საკმაოდ მწვავედ დგას წამყვან ევროპულ ქვეყნებშიც და შესაბამისად ჩვენთვის ნათელი გახდა, თუ რატომ არ ანვითარებენ ესეთი გლობალური ბრენდები ელექტრონული კომერციის მიმართულებას ჩვენი რეგიონის ქვეყნებში. მათ არ უჭირთ ვებ-გვერდების გადმოთარგმნა, რეალურად აუცილებელია შესაბამისი დამხმარე სერვისების არსებობა.



სწორედ აქედან გაჩნდა LogisticsWise-ის შექმნის იდეაც, ჩვენ გადავწყვიტეთ ეტაპობრივად მოგვეგვარებინა ყველა ზემოთ ჩამოთვილი პრობლემა და გაგვემარტივებინა, როგორც გლობალური ბრენდებისთვის ასევე ადგილობრივი საცალო მოვაჭრეებისთვის ელექტრონულ კომერციის წარმოება. 1 დეკემბერს გავუშვით პლატფორმა www.logisticswise.ge  და შევთავაზეთ ბაზარს ჩვენი სერვისი.

კონკრეტულად რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

განვითარებულ ქვეყნებში ჩვენს სერვის მოიხსენიებენ როგორც 3PL-ს (third-party logistics), ასევე შეიძლება ვუწოდოთ “Fulfillment” სერვისიც. მარტივად, რომ ავხსნა ჩვენ ონლაინ ვაჭრობით დაკავებულ მეწარმეებს და კომპანიებს ვთავაზობთ სასაწყობე მომსახურებას, ნივთების შეფუთვას და საკურიერო მომსახურებას. ანუ ონლაინ მაღაზია, რომელიც ითანამშრომლებს ჩვენთან, სრულ კონცენტრაციას გააკეთებს მარკეტინგზე და გაყიდვების ზრდაზე, საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცესებს და პრობლემებს კი მთლიანად ჩვენ გადავიბარებთ.

პროცესი მაქსიმალურად გავამარტივეთ, ჩვენს საწყობში განთავსებულია კომპანიის მარაგები, ონლაინ მაღაზიაში შეკვეთის შემოსვლისთანავე შეკვეთა გადმომისამართდება LogisticsWise-ში და ამ მომენტიდან ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ნივთის შეფუთვაზე, დროულად მიწოდებაზე და საჭიროების შემთხვევაში უკან დაბრუნება-დასაწყობებაზეც. ჩვენ ვებგვერდზე განთავსებულია ფასის კალკულატორი, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიახლოებითი სერვისის საფასურის დათვლა.

ვისთვისაა ეს კომპანია კონკრეტულად? რა სეგმენტზეა გათვლილი?

ჩვენი სერვისი ეს არ არის ტრადიციული სასაწყობე ფართის გაქირავება, არც ამჟამად ბაზარზე ხელმისაწვდომი საკურიერო მომსახურება. LogisticsWise მთლიანად მორგებულია ელექტრონული კომერციით დაკავებულ ბიზნესებზე, მარტივად რომ ვთქვათ ვემსახურებით ნებისმიერი ზომის ბიზნესს, რომელსაც აქვს ონლაინ მაღაზია და დაინტერესებულია მასთან დაკავშირებული საოპერაციო საქმიანობის ეფექტური მართვით. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენი სერვისი იდეალურად ერგება ისეთ ბიზნესებს, რომლებიც სწორედ ეხლა გეგმავენ და იწყებენ საცალო გაყიდვებს ონლაინ სივრცეში.

როგორ ფიქრობთ, რა გამოარჩევს ამ კომპანიას ქართულ ბაზარზე არსებულ იმ კომპანიებისგან, რომლებიც მსგავს სერვისებს სთავაზობენ მომხმარებლებს?

მსგავს სერვისს საქართველოში არც ერთი კომპანია არ სთავაზობს მომხმარებლებს. ჩვენთან თანამშრომლობით ონლაინ მაღაზიებს შეუძლიათ საგრძნობლად შეამცირონ დანახარჯები და სრულად კონცენტრირდნენ მათ ძირითად საქმიანობაზე, გაყიდვებზე და შემოსავლების ზრდაზე.

ლოგიკურია, რომ კომპანიას, რომელიც შედის ონლაინ გაყიდვებში და ორიენტირებულია სწრაფ ზრდაზე არ უღირს გააკეთოს საკუთარი საწყობი, იყიდოს ან იქირავოს შესაბამისი ფართი, მოაწყოს და აღჭურვოს ის, აიყვანოს შესაბამისი გამოცდილების თანამშრომლები, დანერგოს საწყობის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა, იზრუნოს საწყობის უსაფრთხოებაზე. პარალელურად კი დაიქირავოს კურიერები ან თუნდაც საკურიერო კომპანია და აკონტროლოს შეკვეთის შესრულების პროცესი სრულად.

ჩვენი აუთსორს სერვისი იდეალურად ერგება ნებისმიერი ზომის კომპანიას. მცირე ზომის კომპანიების შემთხვევაში ვფიქრობ ყველასთვის გასაგებია, რომ მათ ურჩევნიათ აირიდონ საოპერაციო პრობლემები და კონცენტრირდნენ ზრდაზე, მაგრამ იგივე გლობალური მსხვილი ბრენდებიც დიდი ხანია ჩამოყალიბდნენ, რომ ეგრეთ წოდებული Fulfillment სერვისის კომპანიის გარეთ გატანით გაცილებით დიდი ხარჯების ეფექტურობის მიღწევაა შესაძლებელი.

ამჟამად რა ეტაპზეა Logisticswise?

Logisticswise-ის სერვისი სრულად 1 დეკემბრიდან ამოქმედდა. 6 თვიანი აქტიური მუშაობის შემდგომ შეიქმნა პლატფორმა, რომელიც სრულად ავტომატიზირებულს ხდის ონლაინ გაყიდვების ლოჯისტიკურ ციკლს. სექტემბრის თვეში ჩვენ გავიმარჯვეთ ჯიტა-ს მიერ ორგანიზებულ საგრანტო კონკურსში, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა ჩვენი პროექტის განხორციელების ტემპი.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

2021 წელი მთლიანად დაეთმობა ადგილობრივ ბაზარს, შემდგომ უკვე ვგეგმავთ სხვა ქვეყნებშიც ძალების მოსინჯვას, ეს შეიძლება იყოს როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნები სადაც მსგავსი 3PL სერვისები ჯერ არ არსებობს, ასევე განვიხილავთ რამოდენიმე ევროპულ ქვეყანასაც, სადაც ელექტრონული კომერციის ზრდის ტემპებიდან გამომდინარე ჩვენს მიერ შეთავაზებულ სერვისზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. რა თქმა უნდა, პარალელურად გაგრძელდება პლატფორმის პროგრამული ნაწილის მუდმივი დახვეწა და განხლებაც.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები