„მაკნატუნას“ დამფუძნებელი დავით ფხაკაძე კომპანიასაგადასახადო შემოწმებას ანტისაოკუპაციო აქციაზე მზესუმზირის დარიგებას უკავშირებს.
კერძოდ, დავით ფხაკაძის აზრით, საგადასახადო შემოწმების მიზნით, კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესვლა ბრენდის ანტისაოკუპაციო შეფუთვას უკავშირდება, რომელიც მათ მიერ რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებისთვის გაიგზავნა.
როგორც bm.ge-ის ფხაკაძემ განუცხადა, ის ეჭვობს, რომ ამ ფაქტის გამო, მისი ნახევარძმა თორნიკე ცერცვაძე სარაგბო გუნდ „ლელოდან“ გამოუშვეს.
"შემოსავლების სამსახურს შემოწმების მიზეზი არ უთქვამს, უბრალოდ, ჩვენ ვაკავშირებთ ფაქტებს ერთმანეთთან, რადგან „მაკნატუნას“ შეფუთვები რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს დავურიგეთ და ის ჩემს ძმას თორნიკე ცერცვაძეს გავატანე. მივიღეთ ის, რომ ჩემს ძმას გუნდში ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს და გამოუშვეს. იმისათვის, რომ ოკუპაცია გააპროტესტა გუნდიდან გამოუშვეს. ვივარაუდეთ, რომ ეს ყველაფერი ამასთან არის კავშირში. პირდაპირ ჩვენთვის არავის უთქვამს, ამ მიზნით გამოწმებთო. რა თქმა უნდა, შემოსავლების სამსახურს კანონით უფლება აქვს შემოწმების და იმისაც, რომ აუდიტი მოითხოვონ,“ - განაცხადა ფხაკაძემ.
დავით ფხაკაძის თქმითვე, კომპანია ანტისაოკუპაციო შეფუთვაში მზესუმზირას ორმაგი ძალებით გამოუშვებს;
"თბილისში პირველი პარტია უკვე ჩაეშვება, ხოლო ერთ კვირაში სავაჭრო ქსელები ამ შეფუთვით სრულად შეივსება", - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, კომპანია „მაკნატუნაში" საგადასახადო შემოწმების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა. მომხმარებლები წერდნენ, რომ აღნიშნულის ერთ-ერთი მიზეზი „მაკნატუნას" ახალი შეფუთვა იყო, რომელზეც დატანილია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
bm.ge ინფორმაციის გადამოწმების მიზნით შემოსავლების სამსახურსაც დაუკავშირდა, რომელმაც საგადასახადო შემოწმების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა ირწმუნებიან, რომ აღნიშნული პოლიტიკურ თემებს არ უკავშირდება.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა შპს „მაკნატუნას“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია დაიწყო გასული წლის 26 ნოემბერს და ამჟამად კი, მიმდინარეობს შპს „მაკნატუნას“ მიერ წარმოდგენილი მასალების დამუშავება და შესწავლა.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ყოველდღიურად ხდება ათეულობით კომპანიის შემოწმება და ეს ჩვეულებრივი პროცესია, შესაბამისად, შპს „მაკნატუნაში“ მიმდინარე საგადასახადო შემოწმების მიბმა პოლიტიკური პროცესებისათვის არის მოსახლეობისთვის შეგნებულად არასწორი ინფორმაციის მიწოდებისა და ცალკეული ჯგუფების მიერ ამ ინფორმაციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მორიგი მცდელობა”, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

























