საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ BMG-ის კითხვაზე თუ კონკრეტულად რატომ ჩათვალა სებ-მა TBC ბანკის დაჯარიმება საჭიროდ და რა მუხლების დარღვევისთვის ედავება რეგულატორი ბანკს, განაცხადა, რომ ის ამ კითხვაზე პასუხს ვერ გასცემს. გვენეტაძის თქმით, მედიას პასუხის მისაღებად შეუძლია, რომ ეს კითხვა თავად ბანკს დაუსვას.
“რადგანაც ეს ინფორმაცია იქნა გავრცელებული TBC ბანკის მიერ, ვფიქრობ ამ შემთხვევაში, თუ არსებობს დამატებითი ინფორმაციის მიღების სურვილი, ისევ კომერციული ბანკისგან უნდა მოითხოვოთ,”- ამბობს კობა გვენეტაძე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, მიმდინარე გამოძიება არ მოახდენს ბანკის ფუნქციონირებაზე ნეგატიურ გავლენას.
“რაც შეეხება TBC ბანკთან დაკავშირებულ თქვენ შეკითხვას, გავიმეორებ ამ კითხვაზე ჩემს პასუხს, ეროვნული ბანკი მუდმივად ახორციელებს კომერციული ბანკების ზედამხედველობას. კანონდებლობის ფარგლებში ეროვნული ბანკის საზედამხედველო ღონისძიებები როგორც ამ, ისევე სხვა შემთხვევებში არ არის საჯარო. შესაბამისად, ჩვენ არ ვართ უფლებამოსილი, ამ დეტალებზე ვისაუბროთ. ამავე დროს შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ TBC ბანკი არის ფინანსურად ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტი. მას გააჩნია ლიკვიდური სახსრებისა და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატური დონე და ეს დონე არის იმაზე უფრო მაღალი, ვიდრე მოთხოვნა არსებობს ჩვენს მიერ. ბანკი სრულად აკმაყოფილებს ყველა ეკონომიკურ ნორმატივსა და ლიმიტს. ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე საგამოძიებო პროცესი არ მოახდენს გავლენას ბანკის მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებაზე, რასაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ის რაც მოგახსენეთ,”- ამბობს გვენეტაძე.
TBC ბანკის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, იმ საქმეზე, რომელზეც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა ედავება, ეროვნულმა ბანკმა “თობისი” 1 მილიონი ლარით დააჯარიმა. როგორც ცნობილია ამ ჯარიმის აღსრულება შეჩერებულია, ამჟამად სასამართლოში საქმის განხილვები მიმდინარეობს.

























