მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხარს ვუჭერთ ამერიკული კაპიტალის შემოდინებას და საქონლის მიმოქცევას ჩვენი ქვეყნის მიმართულებით და პირიქით - ღარიბაშვილი

649dc32e11008
BM.GE
29.06.23 21:26
471
ნება მომეცით, ქართველი ხალხის და ჩემი მთავრობის სახელით, გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისადმი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და საქართველოს ეკონომიკის გაძლიერების მტკიცე მხარდაჭერისთვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მან თქვა, რომ მოუთმენლად ელის ახალი შესაძლებლობების გახსნას აშშ-ში ქართული ბიზნესისთვის.

"მჯერა, რომ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ვაჭრობისა და კომერციის მიმართულებით აუთვისებელი პოტენციალი აქვთ. მოუთმენლად ველით ახალი შესაძლებლობების გახსნას ჩვენი ბიზნესისთვის, მხარს ვუჭერთ ამერიკული კაპიტალის შემოდინებას და საქონლის მიმოქცევას ჩვენი ქვეყნის მიმართულებით და პირიქით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისი უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ მიზნების მიღწევაში და კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ერებს.

უნდა აღვნიშნო, რომ შეერთებულმა შტატებმა დიდი წვლილი შეიტანა საქარველოს სხვადასხვა სფეროს - მათ შორის, თუმცა არა მხოლოდ ჯანდაცვისა და განათლების სისტემების - გაუმჯობესებაში. დიდად ვაფასებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირებული საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების შეთავაზებას. ხალხთა შორის თანამშრომლობის მხარდაჭერით, ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი და გრძელვადიანი პარტნიორობის ხელშეწყობის მნიშვნელობას.

მეგობრებო, ყველასთვის ცნობილია, რომ ელჩი დეგნანის მოღვაწეობა საქართველოში თითქმის დასრულებულია და მინდა გამოვიყენო ეს მომენტი და მადლობა გადავუხადო ქალბატონ ელჩს გულმოდგინე და დაუღალავი ძალისხმევისთვის ჩვენს ერებს შორის ორმხრივი პარტნიორობის ხელშეწყობისა და გაღრმავების საქმეში. ქალბატონო ელჩო, მინდა გისურვოთ ყოველივე საუკეთესო და ულევი წარმატება მომავალ საქმიანობაში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქნებით თქვენი ხილვით საქართველოში!

კიდევ ერთხელ, ქალბატონო ელჩო და ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი მილოცვა ამ ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულთან დაკავშირებით. მშვიდობა და კეთილდღეობა იყოს დიდი ამერიკელი ერის მეგზური მუდამ!

ღმერთმა დალოცოს ამერიკა! ღმერთმა დალოცოს საქართველო!“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები