დიპლომატმა გიორგი ისაკაძის გადაცემა "Forbes-ის კვირაში" განაცხადა, რომ მისთვის ასევე პარადოქსულია ფაქტი, რომ საქართველო არ იყენებს იმ საერთაშორისო პლატფორმებს, რომელთა მეშვეობითაც მას ამ სანქციების გაუქმების მიღწევა შეუძლია.
რა შედეგის მიღწევა შეუძლია საქართველოს, თუ ავიამიმოსვლის შეზღუდვას ICAO-სა და WTO-ში გაასაჩივრებს:
ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის გაუქმების შესახებ შესაძლებელია, რომ სამოქალაქო ავიაციისა და ვაჭრობის საკითხებზე მომუშავე ორ მთავარ საერთაშორისო ორგანიზაციაში გასაჩივრდეს. რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ ეს ახლა ქართული დიპლომატიური სამსახურის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, თუმცა ამის ნაცვლად საზოგადოება ამ მიმართულებით სრულ პასიურობას ხედავს. “რუსეთის ფედერაციას არასდროს უჭირდა არც ორმხრივი ვალდებულებების, ასევე მრავალმხრივი ვალდებულებების უგულებელყოფა. კარგი კითხვაა, რას ვაკეთებთ ჩვენ, როგორ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობებს და რას ვუპირისპირებთ ასეთ ნაბიჯებს.
სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით ძალიან პასიურად ვიქცევით. დიპლომატიის მთავარი ამოცანა არის მოქმედების ველის გაფართოვება და მოწინააღმდეგის მოქმედების არეალის შემცირება და შეზღუდვა.
ამ თვალსაზღისით არსებობს ორმხრივი თუ მრავალმხრივი ურთიერთობები. ჩვენ, ცხადია, ორმხირვ ურთიერთობებში საკმაოდ შეზღუდული ვართ, მაგრამ ჩვენ, ისევე როგორც რუსეთი, ვართ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, სამოქალაქო ავაიაციის საერთაშორისო სააგენტოს ICAO-ს წევრი, ასევე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. ამ ორივე ორგანიზაციაში არის ძალიან კარგად და ნათლად ჩამოყალიბებული ინსტრუმენტები ორმხრივი დავების გადაწყვეტისთვის. სხვათა შორის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ეს ორმხრივი დავა შეიძლება მრავალმხრივ დავაში გადაიზარდოს, გააჩნია თუ რა ტაქტიკას აირჩევს საქართველოს მთავრობა, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობას არც ტაქტიკა და არც სტრატეგია არ გააჩნია.
ორივე ორგანიზაციაში არის მეტნაკლებად მსგავსი მექანიზმები დავების განხილვისთვის. პირველი, ეს არის არაოფიციალური განხილვები, როდესაც მთავრობები აწარმოებენ საუბარს ერთმანეთში. ეს WTO-ს შემთხვევაში ხდება ან დედაქალაქებში, რაც ჩვენ შემთხვევაში გამორიცხულია - არ გვაქვს წარმომადგენლობა რუსეთში, ამის სანაცვლოდ შეიძლება დისკუსია გაიმართოს ჟენევაში, ჩვენი დელეგაციების მეშვეობით.
თუ არაოფიციალურმა კონსულტაციებმა ვერ გამოიღო შედეგი, შემდეგ არის ოფიციალური მოთხოვნა, ოფიციალური კონსულტაციების, რომლებიც ტარდება უკვე მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის პლატფორმაზე. აქ ერთვება WTO-ს გენერალური მდივანი, როგორც შუამავალი. მინდა ვთქვა, რომ ამ კონსულტაციებს ზოგადად ძალიან კარგი შედეგი გამოაქვს, ძალიან დიდი რაოდენობა ამ დავების გვარდება ამ მეორე ეტაპზე.
ჩვენი მხრიდან ICAO-ში ან WTO-ში განაცხადიც კი უკვე იქნებოდა რაღაც ნაბიჯი ამ მიმართულებით. რუსეთს არ უნდა შეექმნას ილუზია, რომ არ გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ მექანიზმებს.
თუ ჩვენ ეს არ გამოვიყენეთ, შემდგომშიც ისე უტიფრად და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, უაპელაციოდ გადაწყვეტს იმას, რასაც უნდა და დაგვიწესებს ნებისმიერ სანქციებს.
ახლა არის პარადოქსული ვითარება, მთელი მსოფლიო რუსეთს უწესებს სანქციებს და რუსეთი გვიწესებს სანქციებს ჩვენ და თანაც გვაშანტაჟებს ამით. ეს არის აბსოლუტურად პარადოქსული ვითარება, რაც გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ ვერ ვაფასებთ ჯეროვნად იმ შესაძლებლობებს, რომლებიც გვაქვს შეძენილი ჩვენი წევრობით საერთაშორისო ორგანიზაციებში.
ფორმალური კონსულტაციების ჩატარების შემდეგ, თუ რუსეთი არ დათანხმდა იმას, რომ მოხსნას ეს უკანონო შეზღუდვები ჩვენი ავიაკომპანიებისთვის, მაშინ ეს გადადის დავების პანელზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, მაგრამ იქ გაცილებით დიდი შანსი გვაქვს ჩვენ მოგების, ვინაიდან წინა ეტაპები გვექნება გავლილი და შესაბამისად, განწყობაც იქნება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შექმნილი.
თუ ჩვენ გავიმარჯვეთ არბიტრაჟში, მაშინ პრაქტიკიდან გამომდინარე, წაგებულ მხარეს ეძლევა გონივრული ვადა, ეს დაახლოებით, 15 თვეა, იმისთვის, რათა გამოასწოროს თავისი შეცდომები. 15 თვე არის აღებული იმიტომ, რომ რიგ შემთხვევებში საქმე გვაქვს რაღაც კანონმდებლობის შეცვლის აუცილებლობასთან, ამ შემთხვევაში ეს საქმე განსხვავებულია - პუტინმა ცალსახად მიიღო გადაწყვეტილება და ეს გააუქმა. ამიტომ, როგორც გააუქმა, ისევე შეიძლება ამ გაუქმების უკან წაღება, მაგრამ თუ ქვეყანა არ ასრულებს ამას - 90% ქვეყნების თანხმდება იმ შედეგბს, რაც გამოაქვს ოფიციალურ კონსულტაციებს, მაგრამ თუ არ დათანხმდა, მაშინ შესაძლოა ამ ქვეყნის წინააღმდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ დააწესოს შესაბამისი სანქცია", - ამბობს ჩეჩელაშვილი.

























