მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველ დიზაინერებს, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვებში კვლავ შემცირება აქვთ

60d70d12cdbb1
ლიკა გურაბანიძე
29.06.21 21:40
596

ქართველ დიზაინერებს, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვებში კვლავ შემცირება აქვთ. ტურიზმის არარსებობა პრობლემებს შორის პირველ ადგილზეა, რადგან Made in Georgia ადგილობრივ ბაზარზე მეტად სწორედ ტურისტებისთვის იყო მიმზიდველი. შედეგად, მხოლოდ დაბალმსყიდველუნარიან ქართველ მომხმარებელზე დამოკიდებულება არამომგებიანია.

“მედამოდა” ბაზარზე ოპერირების უკვე 12 წელს ითვლის, დაბალ და საშუალო შემოსავლიან სეგმენტზე გათვლილ ბრენდში აღნიშნავენ, რომ ახლა გაყიდვები თითქმის არ აქვთ. კრიზისს გაუძლეს, ბაზარზე დარჩნენ, თუმცა კომპანიის წინსვლისთვის მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. გაყიდვებიც გაუნახევრდათ. მოლოდინი აქვთ, რომ ვითარება სექტემბრიდან შეიცვლება.

“ვაჭრობის მხრივ თებერვალი საკმაოდ ჩაძირული თვეა, ერთი წელია სწორედ თებერვლის მსგავს რეჟიმზე ვმუშაობთ. ზაფხულში მომხმარებლების რაოდენობის ზრდას ველოდებოდით, თუმცა ახლა რასაც ვუყურებ ბაზარზე საიმედო არაფერი ხდება.” - განაცხადა “მედამოდას” გაყიდვების მენეჯერმა მარიამ მიგინეიშვილმა.

COMODE-ში ონლაინ მოთხოვნამ როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე იკლო, რადგან მომხმარებლები სამოსს ადგილზე მისვლით არჩევენ. ხოლო ზოგადად კომპანიას გაყიდვების 30-40%-იანი შემცირება უფიქსირდება. ქვეყანაში ტურისტების გამოჩენაც გაყიდვებზე მცირედით, თუმცა მაინც აისახა.

“ეკონომიკის გახსნამ დადებითად იმოქმედა, ტურისტების შემოდინებამ ვითარება მცირედით შეცვალა, თუმცა მიუხედავად ამისა, რომ ვთქვა რადიკალური სხვაობაა და გაყიდვებმა მოიმატა, ეს ასე არ არის. ლოქდაუნის პერიოდში ბევრად უკეთესი მდგომარეობა იყო, რადგან ონლაინ შოპინგი გვქონდა“, - აღნიშნა COMODE-ს ბრენდმენეჯერმა ანა ჯანელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები