მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველი დიზაინერების თქმით, ტურისტულ სეზონზე გაყიდვები ბევრად გაიზარდა

63735365dbd29
თათია კაკიაშვილი
15.11.22 20:55
463
“ტურისტულ სეზონზე გაყიდვები ბევრად გაიზარდა,” - ამის შესახებ BMG-ის „ბისერნათის“ დამფუძნებელმა, მეწარმე ნათია ბედენაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ქართველ დიზაინერებს აქვთ მოლოდინი, რომ ე.წ. „შავი პარასკევის“ კვირეულში საქართველოში დამზადებულ ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და აქსესუარებზე მოთხოვნა გაიზრდება.

“ტურისტები უფრო ქართული ხელნაკეთი აქსესუარებით და ნაწარმით ინტერესდებიან. მათთვის ძალიან ძვირფასია, რომ ეს არის ხელნაკეთი და ინდივიდუალური ნაწარმოები და არ არის მასიური. ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ შეიძინონ ქართული ნაწარმი, როდესაც საქართველოში არიან. ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, გაყიდვები ბევრად გაიზარდა, გაიზარდა როგორც ონლაინ, ასევე “კაბას” შოურუმში და გვაქვს მოლოდინი, რომ “შავი პარასკევის” კვირეულში გაყიდვები გაიზრდება, მოიმატებს,“ - განაცხადა ნათია ბედენაშვილმა.

გაყიდვების მხრივ, შარშანდელთან შედარებით, წლევანდელი წელი ქართველი მეწარმეებისთვის მეტად შემოსავლიანი აღმოჩნდა. მიზეზი - თითქმის აღდგენილი ტურიზმია. ქართველი დიზაინერები ამბობენ, რომ ამ მხრივ გაყიდვებმა განსაკუთრებით ზაფხულში მოიმატა, შემდეგი ფსონი კი სექტორისთვის - სწორედ “შავი პარასკევის” კვირეულია.

„არა მარტო ტურისტებს,ქართველებსაც ისეთ ნამუშევრებს ვთავაზობთ, რომლებსაც ქართული ხასიათი აქვს, თითქმის ყველაფერი ხელნაკეთია და მაღაზია მხოლოდ ქართველ მეწარმეებს აერთიანებს, ამიტომ მათი ხელშეწყობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურისტულ ბაზარზეც მოხვდეს მათი ნამუშევრების პოპულარიზაცია და ასევე ქართულ ბაზარზეც. მაღაზია გავხსენი პანდემიის დასრულების შემდეგ. რა თქმა უნდა, ძალიან რისკიანი იყო რადგან არ ვიცოდი, როგორ აღდგებოდა ტურიზმი და ეს ისეთი ლოკაციაა, რომ ცოტა საფრთხილო იყო მაღაზიის გახსნა. თუმცა, როგორც დინამიკა გვაჩვენებს, ტურისტული ნაკადი იზრდება, რაც ჩემს გაყიდვებზეც პირდაპირ ისახება,” - განაცხადა „8/10 შოპის“ დამფუძნებელმა თათა კაპანაძემ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები