ხელისუფლების ყოფილი წევრების დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი არ გააკეთა.
არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ საკითხი საგამოძიებო სტრუქტურების პრეროგატივაა, კანონის წინაშე კი ყველა პირი ანგარიშვალდებული უნდა იყოს.
„როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ვერავითარ „შესაძლოაზე“ კომენტარს ვერ გავაკეთებ, თან იმ საკითხზე, რომელიც არის საგამოძიებო სტრუქტურების და პროკურატურის პრეროგატივა. ერთს კი გეტყვით, რომ პარლამენტი კანონებს იღებს იმისთვის, რომ ამ კანონის წინაშე ყველა იყოს ანგარიშვალდებული, იქნება ეს ხელისუფლების წვერი, ოპოზიციის წარმომადგენელი თუ სხვა სტატუსის მატარებელი.
ჩვენ გვსურს, ვიცხოვროთ სახელმწიფოში, სადაც არის დაცული კანონის უზენაესობა და ამ პრინციპს სჭირდება დაცვა. კითხვაზე არის თუ არა ეს დღეს მთავარი მამოძრავებელი, გპასუხობთ, რომ ეს პრინციპი რომ იყოს მთავარი მამოძრავებელი, ამისათვის საჭიროა, პატივი სცეს ყველამ", - განაცხადა თალაკვაძემ.

























