მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბამბარას" ბამბის ნაყინზე მოთხოვნა იზრდება - დამფუძნებელი

63417358690a5
მარიამ დემეტრაშვილი
08.10.22 20:00
749
„ბამბარა“ - ასე ჰქვია საქართველოში წარმოებულ ბამბის ნაყინს, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით ცხრა თვეა ხელმისაწვდომია და სულ უფრო პოპულარული ხდება. ის მომხმარებელს ბამბის ნაყინს ქოქოსის, მარწყვისა და კევის არომატით სთავაზობს. როგორც მისი დამფუძნებელი ანი ბურდული ამბობს, ბრენდის შექმნის საწყისი ინვესტიცია 10 000 ლარი იყო. 

„მნიშვნელოვანი იყო ხარისხი, ვინაიდან როცა სხვის ბავშვებზე ვიღებდი პასუხისმგებლობას და განზრახული მქონდა პროდუქციის ქსელურ მარკეტებში შეტანა, პირველი რაც გავაკეთეთ, იყო ლაბორატორიული შემოწმება, რათა ხარისხთან დაკავშირებით მშვიდად ვყოფილიყავი“, - განაცხადა ანი ბურდულმა გადაცემა „ქალების ნარატივში“.

„ბამბარამ“ მომხმარებლებს პირველი პროდუქცია „სასაჩუქრე ყუთების“ სახით, 2022 წლის იანვარში წარუდგინა. დღეს „ბამბარას“ შეძენა „ნიკორა XL“-ის ფილიალებსა და სოციალური ქსელის მეშვეობით შეუძლიათ. ხოლო სასაჩუქრე ყუთების შეძენა „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ გვერდებზეა შესაძლებელია. რაც შეეხება ფასებს, საცალო გაყიდვის შემთხვევაში "ბამბარას" ფასი 5,90 ლარია, ხოლო სასაჩუქრე ყუთების შემთხვევაში 30-35 ლარი.

ანი ბურდულის თქმით, სასაჩუქრე ყუთებში სამი ძირითადი გემოს გარდა, სეზონის მიხედვით კიდევ სხვა არომატის ბამბის ნაყინიც არის მოთავსებული.

„ყოველ სეზონზე რაღაცას ვცვლით. მაგალითად, ზაფხულში სამ ძირითად არომატთან ერთად, იყო პინაკოლადა და საზამთროს არომატიც. სასაჩუქრე ყუთებში ასევე ხვდება ბრჭყვიალა ბამბარას ბურთები. ეს არის ბამბის ნაყინში მოთავსებული საკვები ბრჭყვიალა, რომელიც ჭიქაში ჩაგდების შემდეგ ბზინავს და ალამაზებს სასმელს. ეს ბურთები გათვლილია განსაკუთრებული წვეულებებისთვის“, - განაცხადა ანი ბურდულმა.

მისივე თქმით, პროდუქტზე იმდენად მზარდია მოთხოვნა, რომ წარმოების პროცესში კადრების საჭიროება უკვე აქვს და ეძებს შესაბამის თანამშრომლებს.



რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დამფუძნებელი ამბობს, რომ ახალი აპარატურის დამატებას, ბევრ ფილიალსა და ახალ ქსელურ მარკეტებში შესვლას და ბაზრობებში მონაწილეობას აპირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები