ღვინის მწარმოებელი კომპანია „ბარბალეს მარანი“ მომავალი წლიდან ექსპორტზე გასვლას გეგმავს.
როგორც „ბარბალეს მარნის“ დირექტორმა ელენე ჩომახიძემ bm.ge-სთან განაცხადა, ექსპორტიორებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.
„ბარბალეს მარანი“ სულ რაღაც ერთი წელია, რაც ქართულ ბაზარზეა და ალკოჰოლური სასმელების თითქმის ყველა მაღაზიაში ვართ წარმოდგენილები; ახლა უკვე საექსპორტო შესაძლებლობების ათვისებას ვგეგმავთ და ამ მიზნით, ექსპორტიორებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ; დაინტერესება ძირითადად, ამერიკის შეერთებული შტატებიდან არის, ასევე დიდი ბრიტანეთიდან და თურქეთიდან; იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ექსპორტზე გასვლას შევძლებთ“, - ამბობს ელენე ჩომახიძე.
„ბარბალეს მარანი“ მცირე საოჯახო წარმოებაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდა. კომპანია ღვინის ისეთ უნიკალურ სახეობებს აერთიანებს, როგორიც არის ოცხანური საფერე, ოჯალეში, მუკუზნის საფერავი, უსახელოური და სხვა.
აღსანიშნავია, რომ „ბარბალეს მარანმა“ 29-30 ოქტომბერს ღვინის მე-12 საერთაშორისო კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც კომპანიის „კახურმა მწვანემ“ და „ოცხანურმა საფერემ“ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.




























