ქარელის რაიონის სოფელ ბებნისის ტერიტორიაზე არსებული ტბები ინვესტორის მოლოდინშია. საქმე ის არის, რომ ტბები და მის ირგვლივ რამდენიმე ნაკვეთი, რომელსაც ამჟამად კომპანია "ბებნისის ტბა" ფლობს, იყიდება ან ინვესტორს ეძებს.
კომპანიის დამფუძნებლები „Forbes კვირას“-თან ყვებიან, რომ ამ ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ ტურისტულ-დასასვენებელი კომპლექსის ინფრასტრუქტურის განვითარებას აპირებდნენ, მაგრამ რიგი მიზეზების გამო, რომლის დეტალებზე არ საუბრობენ, მისი გაყიდვა გადაწყვიტეს.
„ბებნისის ტბის“ მფლობელები ინვესტორებთან სასაუბროდ და პროექტის განხორციელებისთვის თანხების მოსაზიდად მზად არიან. როგორც ტერიტორიის მესაკუთრეები ამბობენ, მათი გათვლებით, საჭიროა რამდენიმე მლნ დოლარის ინვესტიცია.
ამასთან, კომპანიის მფლობელები მიიჩნევენ, რომ გარდა საინვესტიციო მიმზიდველობისა, ადგილმდებარეობა ტურისტულადაც მზარდია, რადგან ბებნისის ტბები ძამას ხეობას ებმის. ძამას ხეობა კი, რეგულარულად არის ადგილობრივი და საერთაშორისო სტუმრების თუ ტურისტების მონახულების ადგილი. ასევე, ძამას ხეობიდან საავტომობილო გზით ბაკურიანში მოხვედრაა შესაძლებელი, რაც როგორც პროექტს, ასევე ადგილმდებარეობას მეტად მიმზიდველს ხდის.

























