კომპანია World Sightseeing Tbilisi-ს, რომელიც ტურისტებს თბილისის და რეგიონის მასშტაბით, დღიურ მოგზაურობებს უწყობს, ბოლო ორ კვირაში 24-საათიანი სამგზავრო ბილეთის გაძვირება 11%-ით, 60 ლარიდან 70 ლარამდე მოუწია.
ტურისტული კომპანიის დამფუძნებელმა გერმანე ჭელიძემ BMG-სთან საუბრისას განმარტა: “24 საათიანი ბილეთები ბოლო ორი კვირაა გაძვირდა. ფასების ზრდა საწვავის გაძვირებამ გამოიწვია, დიზელის ღირებულება საგრძნობლად მომატებულია.”
გერმანე ჭელიძე აღნიშნავს, რომ ფასების გაძვირების გარდა ამ ეტაპზე კომპანიისთვის ტურისტების შემოდინების საკითხიც პრობლემურია.
“გასულ - 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, რუსეთის და უკრაინის ბაზრებიდან ტურისტების 20-30%-იანი კლება გვქონდა. ხოლო წელს, კომპანიაში ტურისტების კლებამ 2019 წელთან შედარებით, ჯამურად დაახლოებით 60% შეადგინა. ბოლო პერიოდში ქვეყანაში ბევრი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, თუმცა გადამხდელუნარიანები არ არიან. ისინი აქ ცხოვრობენ და არ იციან თავის ქვეყნაში როდის დაბრუნდებიან, ფულს ტურიზმში არ ხარჯავენ. ბაზრების დივერსიფიცირება ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განმარტა ჭელიძემ.