მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კერძო კლინიკებმა ანაზღაურება 1 ლარითაც რომ გაზარდონ, სახელმწიფო კლინიკებიდან კადრები გადმოვლენ" - გადელია

62eabfdc7cfb3
ალა ისპირიანი
04.08.22 00:30
1014
თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, საპილოტე რეჟიმში, ახალი სახელფასო სისტემა რამდენიმე კვირის წინ დაინერგა, რომელიც სამედიცინო პერსონალისთვის საათების მიხედვით ანაზღაურების მინიმალურ ზღვარს აწესებს.

ჯანდაცვის უწყებაში თქვეს, რომ კლინიკის ფინანსური მდგომარეობა, არსებული შემოსავალი და მარჟა საშუალებას იძლევა, რომ დღევანდელი ტარიფების პირობებში, საავადმყოფოში დასაქმებულმა სამედიცინო პერსონალმა გაუმჯობესებული ანაზღაურება მიიღოს.

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორის განცხადებით, კერძო კლინიკებმა პერსონალის ანაზღაურება საათში 1 ლარითაც რომ გაზარდონ, ეს სახელმწიფო კლინიკებიდან კადრების "გადმოქაჩვას გამოიწვევს".

დავით გადელიამ „ანალიტიკაში“ განაცხადა, რომ სამედიცინო სექტორში პერსონალის სიმცირე ისედაც მწვავედ დგას.

„კერძო სექტორმა 1 საათში 1 ლარითაც რომ გაზარდოს ანაზღაურება, ეს სახელმწიფო სექტორიდან სამედიცინო პერსონალის გადმოქაჩავს გამოიწვევს. სამედიცინო სექტორში პერსონალის მდგომარეობა კატასტროფულად მძიმეა. ქვეყნიდან საშუალო მედპერსონალის ძალიან დიდი გადინებაა. თუ ექთანი სხვაგან გადადის, მთელი კლინიკა მივტირით ხოლმე. ყველას გვაქვს სურვილი, რომ ჩვენი პერსონალი შევინარჩუნოთ", - ამბობს იგი.

ცნობისთვის, 1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება. ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სისტემა იქნება იგივე, რაც ცოტა ხნის წინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამოქმედდა. მისივე თქმით, მინიმალური ხელფასი კერძო კლინიკებში DRG-სთან ერთად ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები