დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 26 აპრილს დაგეგმილია იმუნიზაციის საბჭო, რომელიც ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავს. ამის შესახებ მან ქვემო ქართლში განაცხადა, სადაც დღეს იმყოფებოდა.
„26 მაისს იქნება იმუნიზაციის საბჭო, რომელიც განიხილავს ჩინური ვაქცინის, “სინოფარმის“ დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხს. 18 წელზე ზემოთ დავიწყებთ მას, მაგრამ შესაძლებელია გარკვეულ ჯგუფებში. მაგალითად, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიცია, იუსტიციის სახლებში, „ფრონტ-ოფისებში“ მყოფი ადამიანები და ა.შ. დამუშავებული გვაქვს წინადადებები, რომელსაც მოვახსენებთ საბჭოს და საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას“,- აცხადებს გამყრელიძე.
გარდა ამისა, გამყრელიძემ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაციის გავლა 27 აპრილიდან იქნება შესაძლებელი, ხოლო 4 მაისიდან უკვე ვაქცინაცია დაიწყება.
„4 მაისიდან დაიწყება „სინოფარმით“ აცრა. ეს გახლავთ ჩინური ვაქცინა, რომლითაც მსოფლიოში დაახლოებით 150 მილიონი ადამიანია აცრილი. ეს ვაქცინა 100 ათასი დოზით გვაქვს, მალე შემოვა მეორე ჩინური კიდევ 100 ათასი დოზა, ეს არის „სინოვაკი“ და „სინოფარმის“ დამატებითი ნახევარი მილიონი დოზა კიდევ იქნება ივნის-ივლისში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ინფორმაციისთვის, ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინას ჯერ ჯანმოს ავტორიზაცია არ აქვს, თუმცა შვედეთის მკაცრი მარეგულირებლის მიერ არის აღიარებული. სინოფარმის ავტორიზაციის საკითხზე ჯანმო 26 მაისს იმსჯელებს.




























