მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სტუმრებს მეგრული კერძების მომზადების მასტერკლასსაც ვთავაზობთ" - Tibash house

62135991aaafa
მარიამ იზორია
21.02.22 22:39
2577
სამეგრელოში, ზუგდიდიდან 17 კილომეტრში საოჯახო სასტუმრო Tibash House გაიხსნა, რომელიც სამ ორადგილიან ნომერს, საკონფერენციო დარბაზს, ფერმას, საოჯახო სამზარეულოს აერთიანებს. სასტუმროში დამსვენებელს მეგრული კერძების მომზადების მასტერკლასსაც სთავაზობენ.

როგორც bm.ge-ს სასტუმროს დამფუძნებელმა ირაკლი ჯიქიამ განუცხადა, USAID-ის გრანტის დახმარებით სასტუმროში 40 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სამომავლოდ ადგილზე სამოთახიანი მეგრული ოდა სახლების განთავსებაც იგეგმება, ამასთან სასათბურე მეურნეობისა და საქონლის სადგომის მოწყობაც განიხილება.

“სასტუმრო ახალი გახსნილია. გასულ სეზონზე მხოლოდ ერთი თვე ვიმუშავეთ და პირველი დამსვენებელიც მივიღეთ. სტუმრების მასპინძლობას მარტიდან განვაახლებთ. ჩვენს საოჯახო სასტუმროში, მეგრული კერძების, გებჟალიას, ელარჯის, სულგუნის მომზადების მასტერკლასებსაც ვატარებთ.

სამომავლოდ გვინდა რამდენიმე კოტეჯი ჩავდგათ, რომლებსაც მეგრული ოდა სახლის იერი ექნება. გარდა ამისა, სასათბურე მეურნეობაზე ვმუშაობთ, რადგან დამსვენებლებმა სეზონის მიუხედავად, ჯანსაღი პროდუქტის მიღება შეძლონ. ადგილზე საქონლის სადგომიც გაკეთდება, რადგან რძის პროდუქტის წარმოება HACCP-ის სტანდარტებს შეესაბამებოდეს და სტუმარს, პირობითად, ელარჯის გაკეთებამდე პროდუქტი რა ციკლს გადის ყველაფრის ნახვა შეეძლოს”, - ამბობს ირაკლი ჯიქია.

რაც შეეხება განთავსების ფასებს, Tibash House-ში ერთი ნომრის ღირებულება საუზმით 70 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები