თაფლის მწარმოებელი კომპანია „ალპიდას“ ერთ-ერთი წარმომადგენლის გიორგი მერაბიშვილის განცხადებით, საქართველოში თაფლის მწარმოებელი კომპანიები რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგანან. მათ შორის ისეთის, როგორიც არის ბაზარზე ხელმიუწვდომლობა, ფალსიფიკაცია, მომხმარებლის მხრიდან უნდობლობა და ევროპის ბაზარზე გასვლის სირთულე.
გიორგი მერაბიშვილის აზრით, აქ სახელმწიფოს ჩართულობა მნიშვნელოვანია.
„გარკვეული პრობლემების გამო დიდ სავაჭრო ქსელებში ვერ შევდივართ. ქართული წარმოების თაფლის მიმართ ისეთი საკანონმდებლო მოთხოვნებია, რომელიც ევრკავშირის მოთხოვნებს უტოლდება, კერძოდ, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული თაფლი იმ საკანონმდებლო მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს, რომელიც ფაქტობრივად, ევროპაშია. იმისთვის, რომ ევრო სტანდარტებისთვის თაფლი შემოწმდეს საქართველოში, საჭიროა ლაბორატორია, აქ არსებულ ლაბორატორიას ამ მოთხოვნებით თაფლის შემოწმება არ შუძლია და ფაქტობრივად, ეს პირველი ბარიერია. მეორე ბარიერი არის ის, რომ სავაჭრო ქსელებში შესვლისას მცირე კომპანიებს არ შეუძლიათ, რომ დაძლიონ და დააკმაყოფილონ რითეილერების მოთხოვნები და ბაზარზე თავი დაიმკვიდრონ, ხოლო მესამე ბარიერი ჩვენს დარგში დიდი ფალსიფიკაციაა. ამას ვერც ჩვენ ვებრძვით და ფაქტობრივად, სახელმწიფო არ ებრძვის. იმის გამო, რომ საქართველოში დიდი ფალსიფიკაციაა, ამით მომხმარებლები და მწარმოებლები ზარალდებიან. ეს უნდობლობა ჩვენს კომპანიებზეც აისახება. ჩვენი დაკვირვებით, თბილისში, მსხვილ სავაჭრო ქსელებში ფალსიფიკატი ბრუნავს,“ - განაცხადა მერაბიშვილმა.
რაც შეეხება ევროპის ბაზარს, გიორგი მერაბიშვილის თქმით, მისი კომპანიისთვის ევროპის ბაზარზე გასვლა შესაძლებელია, რადგან კომპანიას უკვე აქვს ისეთი აღჭურვილობა და საწარმოო ხაზი, რომელიც მას საშუალებას მისცემს მცირე მასშტაბის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, თუმცა აქაც პრობლემებს აწყდებიან.
„ევროპის ბაზარზე შესვლა შეგვიძლია, თუმცა აქ პრობლემა არის ის, რომ ითხოვენ არანაკლებ 50-100 ტონის მიწოდებას. ჩვენ პარტნიორები უნდა ვნახოთ და ამაზე ვერ ვმუშაობთ, ამიტომ სახელმწიფოს ან კერძო ფონდების დახმარება გვჭირდება, რომ ევროპაში მცირე მასშტაბების კომპანიებზე გაგვიყვანონ. ევროპაში შესაძლებელია დავაკმაყოფილოთ 5-10 ტონიანი მიწოდება", - განაცხადა მერაბიშვილმა.
ცნობისთვის: კოოპერატივ „კოდს“, რომელშიც ჯამში, 11 მეპაიეა გაერთიანებული, ახალციხეში თაფლის გადამამუშავებელი საწარმო აქვს, რომელიც ევროპული წარმოების თანამედროვე დანადგარებით არის აღჭურვილი. „კოდის“ პროდუქცია ბრენდირებულია და ბაზარზე „ალპიდას“ სახელწოდებით გამოდის. ამჟამად თაფლი „ალპიდა“ სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივ მარკეტებსა და ტურისტულ ობიექტებში შედის.

























