მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ავიაკომპანია “Aeroflot“ საერთაშორისო რეისებს წყვეტს, ის მხოლოდ რუსეთსა და ბელარუსში იფრენს

62235ee220d7b
გიორგი თოლორდავა
05.03.22 17:22
1715
დასავლეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, უმსხვილესი რუსული ავიაკომპანია “Aeroflot“ 8 მარტიდან საერთაშორისო რეისებს წყვეტს. “Aeroflot” ფრენებს მხოლოდ რუსეთისა და ბელარუსის საჰაერო სივრცეში გააგრძელებს.

კომპანიის ინფორმაციით, იმ პირებს, ვისაც შეძენილი ჰქონდათ ბილეთები, ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის საჰაერო სივრცე თითქმის სრულ ბლოკადაში მოექცა. 27 თებერვალს ევროკავშირმა ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსული ავიაკომპანიებისთვის EU-ს საჰაერო სივრცე იხურება.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, EU-ს ცა იხურება რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში მყოფი, რუსეთში რეგისტრირებული და რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ავიაკომპანიებისთვის. სანქცია გავრცელდება კერძო თვითმფრინავებზეც, ისინი ევროკავშირის საჰაერო სივრცეში დაშვება/აფრენას ვერ შეძლებენ.

ევროკავშირის სანქციის საპასუხოდ, რუსეთმა 30-მდე ქვეყანას საკუთარი საჰაერო სივრცე ჩაუკეტა.

საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გარდა, რუსული ავიაკომპანიებისთვის კიდევ ერთი პრობლემა თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებს უკავშირდება. “Boeing”-მა და “Airbus”-მა განაცხადეს, რომ ისინი რუსეთისთვის ტექნიკურ დახმარებას აჩერებენ. კერძოდ, რუსეთში რეგისტრირებულ ავიაკომპანიები თვითმფრინავების კომპონენტებს ვეღარ მიიღებენ.