მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი ოქტომბერში წლიურად 8%-ით გაიზარდა

5fb76d30c989d
ელენე გოგბერაშვილი
20.11.20 11:09
893
სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2020 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. 

2020 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 8.0 პროცენტიანი ზრდა.

კერძოდ, 2020 წლის სექტემბერთან შედარებით ფასები 2.1 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 1.68 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (2.8 პროცენტი) და ძირითად ლითონებზე (3.5 პროცენტი). ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა ჯგუფზე ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი (0.7 პროცენტი), რამაც 0.07 პროცენტული პუნქტი შეიტანა ინდექსის ცვლილებაში.

გარდა ამისა, ფასების 0.3 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის მთლიანი ინდექსის ცვლილებაში -0.02 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 7.4 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 5.99 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა.

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (10.6 პროცენტი), სასმელები (6.9 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (5.3 პროცენტი);

⦁ სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 20.4 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.11 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა ლითონის მადნებზე (29.4 პროცენტი);

⦁ წყალმომარაგება; კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 18.3 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.55 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;

⦁ ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.37 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები