მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარტნიორო ფონდი ბელარუსში რეგისტრირებულ შვილობილ კომპანიაში წილს 2 მილიონად ყიდის

60e17c9283f39
თელარა გელანტია
04.07.21 13:40
1380
საპარტნიორო ფონდი შვილობილ კომპანიაში წილს ყიდის. კერძოდ, სს „საპარტნიორო ფონდი“, რომელიც შპს „ქართული ნატურალური პროდუქტების“ საწესდებო კაპიტალში არსებული 90% წილის მესაკუთრეა, თავისი წილის ნაწილს, კერძოდ, 50%-ს ყიდის.

www.eauction.ge-ზე გამოქვეყნებული პირობების თანახმად, ობიექტის საწყისი ფასი 2,071,044.50 ლარია (655 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში).

შეგახსენებთ: საპარტნიორო ფონდმა 2019 წელს მინსკში "ქართული სახლი" გახსნა. შენობის რემონტისა და აღჭურვისთვის მაშინ, დაახლოებით, 600 ათასი დოლარი დაიხარჯა და ითქვა, რომ მას ფონდის შვილობილი კომპანია „ქართული ნატურალური პროდუქტები“ განკარგავდა, რომლის მიზანი ბელარუსში ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და რეალიზაცია იყო.

bm.ge 2020 წლის დასაწყისშიც წერდა, რომ 2019 წლის ზაფხულში, ბელარუსში საზეიმოდ გახსნილი "ქართული სახლი" უმოქმედო იყო.  მაშინ „ქართული ნატურალური პროდუქტების“ დირექტორი გიორგი წერეთელი ვერ ასახელებდა, რამდენი ქართული კომპანია იქნებოდა წარმოდგენილი ამ სივრცეში მინსკში, თუმცა ირწმუნებოდა, რომ ყველასთან თანამშრომლობისთვის მზად იყვნენ.

შპს „ქართული ნატურალური პროდუქტები“ ბელარუსის კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული კომპანიაა.

აუქციონის აღწერილობაში ხაზგასმულია, რომ შპს „ქართული ნატურალური პროდუქტები“ ფლობს ბელარუსის რესპუბლიკაში ალკოჰოლის იმპორტის კვოტებს.

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აუქციონი ეფუძნება ე.წ. „AS IS“ სტანდარტს, შესაბამისად შპს „ქართული ნატუალური პროდუქტების“ შემოსავლების რაიმე ნაწილში გარანტირებასთან დაკავშირებით ან სს „საპარტნიორო ფონდზე“ სხვა რაიმე ვალდებულების დაკისრებასთან დაკავშირებით წინადადებები, გარდა ერთადერთი ვალდებულებისა, რომ წილი მყიდველს გადაეცეს საკუთრებაში, განხილული იქნება ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარად და შესაბამისად, მოთხოვნილი იქნება აუქციონში მონაწილეობის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება“, - ნათქვამია აუქციონის პირობებში.

საჯარო აუქციონი ჩატარდება 2021 წლის 2 აგვისტოს 18:00 საათზე თბილისში, საპარტნიორო ფონდის ოფისში.

ცნობისთვის: IMF-ის რეკომენდაციით, საპარტნიორო ფონდს ახალი საინვესტიციო პროექტების დაწყება აკრძალული აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები