მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„საქართველოში პირველად Pfizer-ი შემოვა“ - თამარ გაბუნია ვაქცინაციის პროცესზე საუბრობს

5ffd874e95158
ვიქტორია მღებრიშვილი
12.01.21 15:51
3399
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო იანვრის ბოლოს Pfizer-ის ვაქცინის მისაღებად მზად იქნება. ამის შესახებ მან ჯანდაცვის კომიტეტზე დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, საქართველოსთვის პირველ ეტაპზე - Pfizer-ის, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში AstraZeneca-ს ვაქცინა იქნება მისაღები.

„დღეს ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს მოქალაქემ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ვაქცინა და ქვეყანა ვაქცინაციის პროცესში მოძრაობას ფეხდაფეხ აჰყვეს. კოვაქს პლატფორმა ამ შესაძლებლობას გვთავაზობს და Pfizer-ის ვაქცინა შეიძლება გახდეს პირველი, რომელსაც ჩვენ, პირველ რიგში, მივიღებთ; შემდეგ ამას მოჰყვება AstraZeneca. ეს ორი ვაქცინა ყველაზე ახლოსაა რიგში, რომელიც შესაძლებელია, რომ ჩვენ მივიღოთ კოვაქს-პლატფორმის მეშვეობით. ორივეს აქვს შესაბამისი მარეგულირებლის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება.

სხვა დანარჩენი ვაქცინები, რომლებიც დღეს შემუშავების პროცესშია, მათაც აქვთ მსგავსი პერსპექტივა, რომ მიიღონ მარეგულირებლების ავტორიზაცია და ჩვენ მათაც განვიხილავთ.

გრძელვადიან პერსპექტივაში ტექნოლოგიურიად ჩვენთვის მისაღები იქნება ის ვაქცინა, რომელსაც ცივი ჯაჭვი სჭირდება 2-დან 8 გრადუსამდე და არ სჭირდება კომპლექსური ცივი ჯაჭვი, რომელიც -70 გრადუსამდეა, ეს Pfizer-ის ვაქცინაა. ესეც შესაძლებელია, მაგრამ ტექნოლოგიურად უფრო მარტივი Astrazeneca იქნება”, - განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროტოკოლები უკვე შექმნილია და კოვაქსის პლატფორმიდან ქვეყანას ვაქცინა მოსახლოების 20%-ისთვის აქვს შეკვეთილი ანუ 700 000 ადამიანისთვის, მაგრამ ვაქცინის დოზაა 1.4 მლნ.

"ვაქცინაციას სჭირდება პერსონალის ტრეინინგი; უკვე განსაზღვრულია ის დაწესებულებები, სადაც Pfizer-ის ვაქცინა შეიძლება გაკეთდეს, რადგან ის ყველგან ვერ გაკეთდება - ასეთი კლინიკური დაწესებულებები სამ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში შეირჩევა. ასევე, განსაზღვრულია ის დაწესებულებები, სადაც გრძელვადიან პერსპექტივაში და ასევე ფართო გავრცელების პირობებში, შეგვიძლია გავაკეთოთ Astra Zeneca-ს ვაქცინა. სასწავლო მოდულები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას უკვე თავად აქვს გამზადებული, ისევე როგორც პროტოკოლები. ამასთან, დაწესებულება, სადაც მოხდება ვაქცინაცია უნდა იყოს შესაფერისად აღჭურვილი, რომ მართოს ის მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები, რაც ვაქცინაციას თან სდევს. ჩვენს პროტოკოლში ეს ყველაფერი გათვალისწინებულია; ტრეინინგი ჩატარდება და იანვრის ბოლომდე ჩვენ ვაქცნის პირველი პარტიის მისაღებად მზად ვიქნებით, რომელიც მიმართული იქნება ჯანდაცვის პერსონალისკენ. შემდეგ მათ მოჰყვებიან ადამიანები, რომლებიც ასაკში არიან, მაღალი რისკის მატარებლები კოვიდით ინფიცირების შემთხვევაში და შემდეგ ეტაპობრივად ეს გავრცელდება მოსახლეობის სხვა დანარჩენ ჯგუფებზე“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ კოვაქს პლატფორმის გარდა, საქართველო სხვადასხვა ქვეყანასთან ვაქცინის შესყიდვაზე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა მოსახლეობის სრული მოცვით, იმუნური ფენა ქვეყანაში რაც შეიძლება მალე შეიქმნას.

„კოვაქსის მიღმა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქვეყნებთან, რომ დამატებით, უფრო სწრაფად მივიღოთ ის ვაქცინები, რაც ექნება ევროპის ქვეყნებს, ამ შემთხვევაში "ასტრაზენეკაზეა" საუბარი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, დაახლოებით, 2022 წლის შუა პერდიოდამდე მაინც დასჭირდება საზოგადოებას გლობალურად, რომ იმუნური ფენა შეიქმნას, თუმცა აქტიური ვაქცინაციის შემთხვევაში ჩვენთანაც შესაძლებელია, რომ 2021 წლის ბოლომდე და 2022 წლის პირველ კვარტალში შეიქმნას ისეთი კარგი დამცველობითი ფენა ვაქცინაციის ფონზე, რაც ინფექციის შემდგომ ტრანსმისიას თავიდან აგვაცილებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები