ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას შრომის ინსპექციის სამსახურის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შრომის ინსპექციის სამსახური მძლავრი და ქმედითი უწყებაა, რომლის საქმიანობა პირდაპირ აისახება თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე.
„შრომის უსაფრთოხების ინსპექტირების გაძლიერების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევები და ფატალური შედეგები. გასულ წელს, ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების მიუხედავად, არ შეჩერებულა სამშენებლო სექტორის საქმიანობა, რომელიც შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველაზე მეტ რისკებს მოიცავს.
2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა შემცირებულია 27%-ით, ხოლო სამუშაო გარემოში გარდაცვალების მაჩვენებელი - 75%-ით", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა.
მისი განმარტებით, შრომის ინსპექციის სამსახური არ წარმოადეგენს დამსჯელობით ორგანოს, არამედ ის ზედამხედველობას უწევს და მჭიდროდ თანამშრომლობს ბიზნეს-სექტორთან, რომელთანაც აქტიურად ახორციელებს საკონსულტაციო და ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს.
"მსგავსი პარტნიორული დამოკიდებულების შედეგად დადგინდა, რომ წარსულში შემოწმებული ობიექტების ხელმეორე გადამოწმებისას, მათი უმრავლესობა პროტოკოლის დაცვით ახორციელებდა საქმიანობას. უსაფრთხო და ღირსეული შრომითი გარემოს უზრუნველყოფა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა, რომლის აღსრულებისთვის ჩვენ კიდევ უფრო მტკიცე ნაბიჯებს გადავდგამთ,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.




























