შიდა განვადებების სისტემა, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „ტექნო ბუმს“ მიმდინარე წლის 15 მაისიდან უნდა აემოქმედებინა, კვლავ შეჩერებულია.
„ტექნო ბუმის“ დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე BM.GE-სთან საუბსრისას აცხადებს, რომ შიდა განვადებების დაწყების შეფერხება კომპანიაში ტექნიკური დეტალების შეთანხმებამ გამოიწვია.
რაც შეეხება განვადებების სისტემის ამოქმედების კონკრეტულ თარიღს, ქოქოლაძე აღნიშნავს, რომ ტექნიკური დეტალების მოგვარება მიმდინარე კვირის ბოლოს დასრულდება, ხოლო განვადებების სისტემა ივნისის შუა რიცხვებში ამოქმედდება.
როგორც უკვე ცნობილია, ამ ეტაპზე „ტექნო ბუმის“ განვადებების სისტემა მხოლოდ Hyundai-ს ბრენდზე ამოქმედდება და მას ეტაპობრივად სხვა ბრენდებიც შეემატება. რაც შეეხება პროდუქციის გაძვირებას, ანზორ ქოქოლაძის განმარტებით, საყოფაცხოვრებო ტექნიკა განვადებების ახალი სისტემის ამოქმედების გამო არ გაძვირდება.
ცნობისთვის, 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს სასესხო ბაზარზე ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ბანკებს მოქალაქეთა შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემა მკვეთრად შეეზღუდათ. ცვლილებამ ყველაზე მეტად გავლენა მცირე ზომის სამომხმარებლო სესხებზე მოახდინა.
2019 წლის პირველ კვარტალში 5 000 ლარამდე მოცულობის სესხების გაცემა წინა წელთან შედარებით 25.7%-ით ანუ 406 მილიონი ლარით შემცირდა.
ამ ცვლილებაზე საპასუხოდ, ბიზნესი თავად გეგმავს საბანკო ფუნქციების შეთავსებას. დეველოპერული კომპანიები, ასევე ელექტროტექნიკის მაღაზიები ახალი მექანიზმების შექმნას გეგმავენ, რათა მომხმარებლებს განვადების მსგავსი პროდუქტი შესთავაზონ.

























