მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თვითმომსახურების ყველა ჯიხურიდან რუსული ენა ამოღებულია - "მაკშაურმას" განცხადება

6489a2d8d66c5
ვიქტორია მღებრიშვილი
14.06.23 15:26
3450
კომპანია „მაკშაურმამ“ ყველა თვითმომსახურების ჯიხურიდან სრულიად ამოიღო რუსული ენა, - ამის შესახებ „მაკშაურმა“ განცხადებას კომპანიის ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ კომპანია სრულად ემიჯნება რუსულ ოკუპაციას და „მაკშაურმას“ დღეს გავრცელებული რუსულენოვანი გადახდის ქვითრებთან დაკავშირებით საზოგადოებიდან წამოსული უკმაყოფილების გამო ეს განცხადება მიიღეს.

ოფიციალური განცხადების გავრცელებამდე BM.GE „მაკშაურმას“ დამფუძნებელი რამაზ ხარებავას დაუკავშირდა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მაკშაურმას რუსულენოვან ჩეკებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა, რაზეც კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მომსახურების ტერმინალებში, რომელიც სწრაფი კვების რესტორნების ფილიალებში დგას, სამი ენა - ქართული, ინგლისური და რუსულია ჩატვირთული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მომხმარებელმა რუსული ენა აირჩია და ტერმინალმაც რუსულენოვანი ქვითარი მისცა.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი ღირებულებებიდან გამომდინარე, ქართული ენა არის და იქნება ერთადერთი მომსახურების ენა, ნებისმიერი ჩეკი კომპანიაში იბეჭდება მხოლოდ ქართულ ენაზე, მისი ჩანაცვლება არასდროს მომხდარა და არც მოხდება.

„გვინდა გამოვეხმაუროთ მაკშაურმას ბათუმის ფილიალში გადაღებულ და ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოს.

ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის ცნობილია, რომ მაკშაურმას ფილიალებში მომსახურება ხორციელდება და ყველა ქვითარი იბეჭდება მხოლოდ ქართულ ენაზე. შეკვეთების სწრაფად განხორციელების მიზნით 2020 წლიდან დაინერგა თვითმომსახურების ჯიხურების ფუნქციონირება, რომელიც მომხმარებელს შეკვეთის განხორციელების საშუალებას აძლევს რამდენიმე ენაზე. იმის მიხედვით, თუ რომელი ენა აქვს არჩეული მომხმარებელს, ჯიხური შესაბამის ენაზე უბეჭდავს შეკვეთის საინფორმაციო ფურცელს. აღნიშნულ შემთხვევაში, მომხმარებელმა შეკვეთის ენად აირჩია ერთ-ერთი - რუსული, შესაბამისად ფოტოზე ნაჩვენები საინფორმაციო ფურცელი ამოიბეჭდა ამ ენაზე. დავაზუსტებთ, რომ ქართულ ენაზე შეკვეთის განხორციელების შემთხვევაში, საინფორმაციო ფურცელი იბეჭდება ქართულ, ხოლო ინგლისურად შეკვეთის შემთხვევაში - ინგლისურ ენაზე.

თვითმომსახურების აპარატებში რამდენიმე ენის ჩაშენების მიზანი იყო მიგვეცა საშუალება ჩვენი მომხმარებლებისთვის, დამოუკიდებლად განეხორციელებინათ შეკვეთა სხვადასხვა ენაზე.

ჩვენი კომპანიის ღირებულებებიდან გამომდინარე, ქართული ენა არის და იქნება ერთადერთი მომსახურების ენა, ნებისმიერი ჩეკი კომპანიაში იბეჭდება მხოლოდ ქართულ ენაზე და მისი ჩანაცვლება არასდროს მომხდარა და არც მოხდება.

მაკშაურმა არის ქართული, ეროვნული პროდუქტი და ის ერთმნიშვნელოვნად ემიჯნება რუსულ ოკუპაციას. ვწუხვართ იმის გამო, რომ რუსულ ენაზე დაბეჭდილმა საინფორმაციო ფურცელმა საზოგადოებას გაუჩინა ნეგატიური დამოკიდებულება, სწორედ ამიტომ, ყველა თვითმომსახურების ჯიხურიდან სრულიად ამოვიღეთ რუსული ენა. ჩვენ ვგმობთ რუსულ აგრესიას", - ნათქვამია „მაკშაურმას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები