მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტყის პროდუქტების ასოციაცია” მაყვლის და კენკრის მოკრეფაზე - "მოსაკრებლებთან დაკავშირებით ხარვეზებს ვხედავთ"

60df285334f41
ლიკა გურაბანიძე
02.07.21 21:18
752

“მოსაკრებლებთან დაკავშირებით გარკვეულ ხარვეზებს ვხედავთ და ბიზნესებმა ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოთქვეს,” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” “ტყის პროდუქტების ასოციაციის” დირექტორმა გიორგი გუჯარაიძემ მთავრობის მიერ დამტკიცებული „ტყითსარგებლობის ახალი წესზე” კომენტირებისას განაცხადა. კერძოდ, მთავრობის მიერ დამტკიცებული „ტყითსარგებლობის ახალი წესის“ მიხედვით, ტყითსარგებლობის ისეთი სახეების, როგორიცაა ტყის არამერქნული რესურსები, მერქნიანი მცენარეების პროდუქტები და ხის მეორეხარისხოვანი მასალები, შესაბამისი ნებართვის გარეშე კომერციალიზაციის მიზნით გამოყენება აიკრძალა.

როგორც გუჯარაიძემ აღნიშნა, კომპანიები სიმბოლურ გადასახადებს ელოდნენ და ახლა მათი მხრიდან რეალურად, არა სიმბოლური, არამედ მნიშვნელოვანი მოსაკრებლის გადახდის მოლოდინია.

“ამ ბიზნესში საერთო ბრუნვის 80% შემგროვებლებთან და გლეხებთან მიდის და თუკი კომპანიებს გადასახდელად ბიუჯეტში შესატანი თანხები დაემატებათ, მოტივაცია დაეკარგებათ.

მეზობელი ქვეყნები ჩასაფრებულები არიან, რომ ჩვენ ხარვეზი შეგვექმნას და ისინი ექსპორტზე ქართულ კომპანიებს ჩაანაცვლებენ. პარლამენტში განხილვა იქნება, სადაც კომიტეტზე ბიზნესებს დაუშვებენ და ჩვენთან ერთად მოსაკრებელზე თავის პოზიციას დააფიქსირებენ.

ასევე კონკრეტული დეტალებია დასადგენი, მაგალითად, შესაძლოა პროდუქციის შეგროვების დროს ერთი ადგილი ორმა კომპანიამ აიღოს, რაც გარკვეულ დაბნეულობას გამოიწვევს.” - აღნიშნა გუჯარაიძემ.

ცნობისთვის: უფრო ნათლად რომ წარმოვიდგინოთ, პირადი მოხმარებისთვის კენკრის, ან მაყვლის მოპოვება არ იკრძალება, მაგრამ თუ ამ რესურსების მოპოვება მაგალითად, კოოპერატივების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით ხდება, ამას შესაბამისი ნებართვა დასჭირდება. როგორც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტში განმარტავენ, ახალი წესის ამოქმედება კონკრეტული არამერქნული ჯიშების დაცვის მიზნით ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები