მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაშლი შესაძლოა, აღარც გავიტანოთ ექსპორტზე, ამას ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა გვიჩვენებს - "ტირიფონის ბაღები"

648c323e3ba2e
ნინი ლონგურაშვილი
17.06.23 18:00
1037
“ტირიფონის ბაღები” გორში, სოფელ კვარხითში, ზურაბ გოჯიაშვილმა 2014 წელს დააფუძნა. ვაშლის ბაღი სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით და USAID-ის დახმარებით გაშენდა. 31 ჰექტარის ფართობის სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით აღჭურვილ ბაღში დღეს 7 სახეობის ვაშლი და 2 სახეობის მსხალია გაშენებული.
 
“ტირიფონის ბაღების” დამფუძნებელი ზურაბ გოჯიაშვილი bm.ge-სთან ყვება, რომ სამაცივრე საცავის მშენებლობა 2020 წელს დასრულდა. მისი თქმით, მეურნეობის გაშენების მიზანი იყო, იმპორტირებული პროდუქტის ჩანაცვლება და ადგილობრივი ბაზრის ქართული ვაშლით გაჯერება. 
 
“ჩვენ სამაცივრე საცავი მხოლოდ იმისთვის ავაშენეთ, რომ საკუთარი წარმოების ვაშლი შეგვენახა. ჩვენი ბაღების გაშენების მიზანი იყო, რომ იმპორტის მოცულობები ჩაგვენაცვლებინა. მინდა ვთქვა, რომ საქართველოში ვაშლის მოყვანა, მოკრეფა და შენახვა არ ვიცით შესაბამისი სტანდარტებით. შედეგად, გამოდის, რომ მარტიდან იმპორტი აუცილებელი ხდება, რათა ყოველდღიური მოხმარების ხილი, როგორიც ვაშლია იყოს ბაზარზე მუდმივად ხელმისაწვდომი”, - აღნიშნა BMG-სთან ზურაბ გოჯიაშვილმა.
 
2022 წელს, როდესაც ვაშლის ბაღები და სამაცივრე მეურნეობა სრულად გაიმართა, ტირიფონის ბაღებმა,  USAID-ის დახმარებით Global Gap-ის სტანდარტიც მოიპოვა და კომპანიაში ფიქრი ექსპორტზე დაიწყეს. თავიდანვე სამიზნედ არატრადიციული, აღმოსავლეთის ბაზარი შეირჩა. შედეგად, ტირიფონის ბაღის ვაშლები ექსპორტზე დუბაიში გავიდა. 
 
BMG-ის კითხვაზე, რა შედის კომპანიის გეგმებში ექსპორტის მიმართულებით, ზურაბ გოჯიაშვილი ამბობს, რომ კომპანია ამ ეტაპზე მოლოდინის რეჟიმშია და ექსპორტზე გასვლა, დამოკიდებულია ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნაზე.
 
“მოსავალს რომ ავიღებთ, გადავხედავთ ადგილობრივ ბაზარს, ვნახავთ რა კონიუქტურა შეიძლება ჰქონდეს ჩვენი ვაშლის შენახვას და შემდეგ გაყიდვას, რასაც ჩავთვლით საჭიროდ ისე მოვიქცევით. შეიძლება აღარც გავიტანოთ ექსპორტზე, ამას ბაზარი გვიჩვენებს. ჩვენი მიზანი და მომხმარებელი საქართველოს მოქალაქეები და ადგილობრივი ბაზარია. ვცდილობთ, ბაზარზე კოლექტიური მიდგომით მოვახერხოთ, ახალი ჯიშების და უკეთესი გემოს თვისებების ვაშლის პოპულარიზაციას. ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ ჯერ ჩვენ შევისწავლით რა რაოდენობის მოსავალი გვექნება, დაახლოებით ივლისის ბოლოსთვის ფასების გამოყვანაც შესაძლებელი იქნება და ამის შემდეგ ვიფიქრებთ, რეალიზაციის გზებზე. შემიძლია გითხრათ, რომ დუბაიში ექსპორტი, ბაზრის შესასწავლად უფრო გადადგმული ნაბიჯი იყო, ვიდრე ეკონომიკური მოგება“, - ამბობს ზურაბ გოჯიაშვილი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები