მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა

61de78a83c69c
ინგა მურუსიძე
12.01.22 11:10
2054
თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარაძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა. განაჩენი მოსამართლე გიორგი არევაძემ დღეს გამართულ პროცესზე გამოაცხადა.

მათ სასამართლომ ბრალი გადაუკვალიფიცირა - პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს დავობდა, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობდა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ არა ამ მუხლით, არამედ 180-ე მუხლით ცნო, რაც თაღლითობას გულისხმობს, თუმცა თაღლითობის მუხლი არის ხანდაზმული, რის გამოც ბრალდებულები თავისუფლები იქნებიან. პროკურატურამ მათ ბრალი 194-ე მუხლით მხოლოდ იმიტომ წაუყენა, რომ ეს მუხლი არ იყო ხანდაზმული და გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მათ საპატიმრო სასჯელი ემუქრებოდათ, თუმცა ამ მუხლისთვის საჭირო მტკიცებულებათა არარსებობის გამო სასამართლომ სხვა განაჩენი მიიღო. 

თავად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის განცხადებით, ისინი ამ გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებენ და მისი გაუქმებისთვის იბრძოლებენ.

მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 24 ივლისს განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბრალდებულები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, მათ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

რატომაა დაუსაბუთებელი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის მიმართ ბრალი - დაცვის მხარის არგუმენტები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები