„ყლაპ-ყლუპი“ მომხმარებელს 100%-ით ნატურალურ საბავშვო ნახევარფაბრიკატებს, ფერად ხინკლებს, პელმენს, ბლინებს, ქაბაბს, ხაჭოსა და ყველის ვარენიკებს სთავაზობს.
სტარტაპის დამფუძნებელმა დეკო ხიდაშელი Bm.ge-სთან კომპანიის შექმნის იდეასა და სამომავლო გეგმებზე BM.GE-სთან საუბრობს. მისი თქმით, „ყლაპ-ყლუპის“ ნახევარფაბრიკატები ჯანსაღი პროდუქტია და ფერადი ცომი მთლიანად სხვადასხვა ბოსტნეულის წვენისგან მზადდება.
„სულ მინდოდა, რომ ბავშვებისთვის რაიმე ჯანსაღი შემექმნა. ჩემი შვილები არ ჭამენ ბოსტნეულს, ვიღაცის შვილები ხორცს, ამიტომ გადავწყვიტე ორი კატეგორია გამეერთიანებინა. ვინც ბოსტნეულს არ ჭამს ის ცომის სახით მივაწოდე, ხოლო ხორცი ვისაც არ უყვარს მათთვის ფერად-ფერადი, ასევე სხვადასხვა ცხოველების ფიგურების მქონე. საკვები მიმზიდველი, შედეგად კი კმაყოფილი მომხმარებელი მივიღე. მშობლებს უხარიათ, რადგან ბავშვები, რომლებიც ბოსტნეულსა და ხორცს აქამდე ძალდატანებით ჭამდნენ, ახლა მას სიხარულით მიირთმევენ“, - აღნიშნავს დეკო ხიდაშელი.
„ყლაპ-ყლუპის“ დამფუძნებლი სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ უპირველესად კომპანია მაღაზიის გახსნას ქუთაისში გეგმავს, შემდგომ კი უკვე თბილისში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე მეორე მაღაზიასაც გახსნის. ცნობისთვის, ამ ეტაპისთვის სტარტაპს ერთი მაღაზია, გლდანში, ხიზანიშვილის 66 ნომერში აქვს. კომპანია ჯამში 3 ადამიანს ასაქმებს.

























