რუსთაველის გამზირზე აქცია კვლავ მიმდინარეობს. დღეს გამზირი მოქალაქეებმა შვიდი საათისთვის გადაკეტეს და მას შემდეგ წყლის ჭავლის, გაზის ან რაიმე საშუალების გამოყენებას მომიტინგეების წინააღმდეგ ადგილი არ ჰქონია.
სპეცტექნიკა და სპეცრაზმი განლაგებულია როგორც პარლამენტის წინა ტერიტორიაზე ასევე საკანონმდებლო ორგანოს ორივე გვერდითა ქუჩაზე.
რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მეტროდან ამოსული მოქალაქეების ნაწილს ჩხრეკს, ასევე ამოწმებს ჩანთებს და პარკებს, რითაც ისინი გადაადგილდებიან.
როგორც პოლიციის წარმომადგენლები მედიასთან აცხადებენ, ახდენენ მოქალაქეთა ზედაპირულ დათვალიერებას, რის უფლებასაც მათ „პოლიციის შესახებ“ კანონი აძლევთ.
ამასთან, სასტუმრო „ქორთიად მარიოტთან“, 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრის დასრულების შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება, ხმაური იყო და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი დააკავეს. ამასთან დაკავებულია ალეკო ელისაშვილიც.




























