მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

0.5 მლნ ლარის მითვისებისთვის შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი დააკავეს

634e7690ebc86
ინგა მურუსიძე
18.10.22 13:49
563
შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისთვის დააკავეს, - ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, ფიქტიური შრომითი ხელშეკრულებებისა და ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, ფიქტიურად დასაქმებულ პირებს, ანაზღაურების სახით, ყოველთვიურად საბიუჯეტო თანხები ერიცხებოდა, რასაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით, ბრალდებული 2019-2021 წლებში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 520 920 ლარს.

"საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი დააკავა.

პროკურატურამ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი, 2019-2021 წლებში, მისი ნდობით აღჭურვილ პირებთან ყოველთვიურად აფორმებდა ფიქტიურ შრომით ხელშეკრულებებს, რომლის მიხედვით თითქოსდა აღნიშნული პირები ახორციელებდნენ წყალსადენების სათავე ნაგებობების მოვლა-გაწმენდით სამუშაოებს. ფიქტიური შრომითი ხელშეკრულებებისა და ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, ფიქტიურად დასაქმებულ პირებს, ანაზღაურების სახით, ყოველთვიურად საბიუჯეტო თანხები ერიცხებოდა, რასაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით, ბრალდებული 2019-2021 წლებში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 520 920 ლარს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების ჯგუფურად მითვისება); 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება); 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე) და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება-გამოყენება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები