იურიდიული კომპანია „ფაჩუაშვილი და იურისტების“ დამფუძნებელი ამირან ფაჩუაშვილი მეწარმე სუბიექტებს ხელახალი რეგისტრაციის დროულად გავლას ურჩევს.
საქმე ის არის, რომ 2026 წლის პირველი აპრილი მეწარმე სუბიექტების ხელახალი რეგისტრაციისთვის ბოლო ვადაა. ცვლილება უკავშირდება მეწარმეთა შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს, რომლითაც 2022 წლამდე რეგისტრირებულ კომპანიებს საკუთარი ამონაწერის განახლება და კანონთან შესაბამისობაში მოყვანა დაევალა. ეს ცვლილება ეხება ათიათასობით იურიდიულ პირს, რომლებმაც ამონაწერი უნდა განაახლონ. საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში უკვე მოიყვანა 350 000-ზე მეტმა სუბიექტმა. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 20 მარტის ჩათვლით, საფასური განახევრებულია და მეწარმეებს 200 ლარის ნაცვლად 100 ლარის გადახდა მოუწევთ.
როგორც ამირან ფაჩუაშვილმა BMGtv-ის გადაცემა „წერტილში“ ამ თემაზე საუბრისას განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ მეწარმე სუბიექტები ხელახალ რეგისტრაციას არ გაივლიან, ეს ფაქტობრივად, საწარმოს პარალიზებას გამოიწვევს.
„სანქცია საკმაოდ მძიმეა. ეს, ფაქტობრივად, საწარმოს „სიკვდილს“ ნიშნავს“, - თქვა მან და განმარტა, ვის აქვს ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება და კონკრეტულად, რა პრობლემები შეექმნებათ კომპანიებს, რომლებიც ამ პროცესს არ გაივლიან.
- „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის თანახმად, ვის ეკისრება ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება?
- ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება აქვს, 2022 წლის პირველ იანვრამდე რეგისტრირებულ მეწარმე იურიდიულ პირებს, კერძოდ:
- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას (შპს);
- სააქციო საზოგადოებას;
- კომანდიტურ საზოგადოებას;
- სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებას;
- კოოპერატივსა და უცხოური საწარმოს ფილიალს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს მოთხოვნა არ ვრცელდება ინდივიდუალურ მეწარმეებზე (ინდმეწარმე), ასევე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზე ააიპ-ებზე, ფონდებსა და კავშირებზე.
- კანონის ამოქმედება რამდენჯერმე გადავადდა. ახლა უკვე საბოლოო ვადაა 1-ელი აპრილი. რა მოხდება თუ მეწარმე რეგისტრაციას არ გაივლის?
- სანქცია საკმაოდ მძიმეა. ეს, ფაქტობრივად, საწარმოს „სიკვდილს“ ნიშნავს. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ამ ვალდებულებას არ შეასრულებს, მას უჩერდება რეგისტრაცია. მეწარმეთა რეესტრში გაჩნდება ჩანაწერი, რომ რეგისტრაცია შეჩერებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიაზე ამონაწერი აღარ გაიცემა. მოდით, პირდაპირ ჩამოვთვლი იმ შეზღუდვებს, რაც საწარმოს პარალიზებას გამოიწვევს:
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა: დირექტორები ვეღარ განახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას. კომპანია რჩება წარმომადგენლის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ ვერცერთ ხელშეკრულებას ვერ გააფორმებთ.
ფინანსური ბლოკირება: იზღუდება საბანკო ანგარიშების მართვის უფლება - ვერ გაიტანთ თანხას, ვერ გახსნით ახალ ანგარიშს, ვერ აიღებთ კრედიტს და ვერ განკარგავთ არსებულ რესურსებს.
ქონებრივი და საგადასახადო შეზღუდვები: კომპანია ვერ შეძლებს ქონების განკარგვას და შეეზღუდება საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობის უფლება.
ეს პარალიზება დროებითია, თუმცა პროცესი აქ არ სრულდება. თუ საწარმო 2027 წლის პირველ იანვრამდე მაინც არ შეასრულებს ვალდებულებას, საჯარო რეესტრი მას დამატებით 3-თვიან ვადას განუსაზღვრავს. თუ ეს ბოლო შანსიც არ იქნება გამოყენებული, კომპანიის რეგისტრაცია გაუქმდება და დაიწყება მისი იძულებითი ლიკვიდაცია.
- თქვენი დაკვირვებით, რამდენად ინფორმირებულია ბიზნესი? თქვენს იურიდიულ ფირმაში მომართვიანობა არის?
- ჩვენთან მომართვიანობა, ჯერჯერობით, მინიმალურია. ბიზნესში არსებობს სტერეოტიპი, რომ ეს მხოლოდ ფორმალური, მარტივი პროცედურაა - მიხვალ რეესტრში, მოაწერ ხელს და მორჩა. ბევრი ალბათ ეკონომიის მიზნითაც ცდილობს თავად გააკეთოს. რეალურად, მთავარი მიზანია, საწარმოს მონაცემები და დამფუძნებელთა შეთანხმება მოვიდეს შესაბამისობაში მეწარმეთა შესახებ ახალ კანონთან. მეწარმე სუბიექტის ხელახალი რეგისტრაცია განახლება ცოდნას საჭიროებს - შაბლონურმა მიდგომამ შესაძლოა, სამომავლოდ ხარვეზები წარმოშვას. რაც შეეხება ჩვენს ფირმას: ვინაიდან პროცესი იურისტისთვის რუტინულია და დიდ დროს არ მოითხოვს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 20 მარტის ჩათვლით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ამ მომსახურებას სრულიად უფასოდ, საჩუქრად ვთავაზობთ.




























