1 აპრილიდან ნებისმიერი წონის საქონლის ექსპორტი ისევ დაშვებული იქნება - "თავისუფლების ინსტიტუტმა" და ქვემო ქვალონელმა გლეხებმა საკონსტიტუციო სასამართლო მოიგეს.
საქმე ის არის, რომ 2019 წლის დასაწყისიდან, საქართველოდან 140 კილოგრამამდე, მოზარდი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აიკრძალა. შემდგომში, რეგულაცია უფრო დამძიმდა და წონა 160 კგ-მდე გაიზარდა. მაშინ აკრძალვის მიზეზად სოფლის მეურნეობის სამინისტროში ასახელებდნენ, რომ "ხბოს ასაკში ნაკლები პირუტყვი გავა, განვითარდება უშუალოდ საქონლის ბაზა, განვითარდება ადგილზე ხორცის წარმოება".
"თავისუფლების ინსტიტუტის" განცხადებას "ბოჩოლას საქმეზე" BM.GE უცვლელად გთავაზობთ:
"ქვემო ქვალონელმა გლეხებმა და თავისუფლების ინსტიტუტმა საკონსტიტუციო სასამართლო მოიგეს!
ქვემო ქვალონელი გლეხების ძალისხმევით, საქართველოში ახლა ყველას შეეძლება საკუთარი ბოჩოლები უცხოეთში გაყიდოს, როგორც ეს 2019 წლამდე იყო შესაძლებელი და ამასთან, გლეხებმა სასამართლოს მავნე პრაქტიკა შეცვალეს!
2020 წლის ნოემბერში, თავისუფლების ინსტიტუტის მხარდაჭერით, სამმა გლეხმა სოფელ ქვემო ქვალონიდან – ვახტანგ მიმინოშვილმა, ინვერი ჩოკორაიამ და ჯემალ მარკოზიამ – კონსტიტუციური სარჩელით სასამართლოს მიმართა.
ისინი აპროტესტებდნენ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ აკრძალვას, რომელიც ბოჩოლების საზღვარგარეთ გაყიდვას ზღუდავდა - ადგილზე გაყიდვა შეეძლოთ, მაგრამ იგივე ბოჩოლა ირანში რომ წაეყვანა მყიდველს, ეგ აღარ შეიძლებოდა.
მთავრობა სასამართლოში ამტკიცებდა, რომ ხბოები საზღვარგარეთ გაჰყავთ გასასუქებლად და, სადაც ასუქებენ, იმ ქვეყანას ფინანსური სარგებელი აქვსო.
ქვალონელი გლეხები კი აჩვენებდნენ ამ შეზღუდვით გამოწვეულ ზარალს და ითხოვდნენ, რომ სახელმწიფო არ ჩარეულიყო მათი ბოჩოლების საქმეში.
სადავო ნორმა რამდენჯერმე შეიცვალა და უფრო დამძიმდა – თავდაპირველად 110 კგ-მდე ხბოების ექსპორტი იკრძალებოდა, მოგვიანებით აკრძალვა 160 კგ-მდე გაიზარდა.
“ბოჩოლების საქმე” მავნე სასამართლო პრაქტიკის ცვლილების მაგალითიც გახდა.
აქამდე, კანონის ფორმალური ცვლილებით საქმეც წყდებოდა - სასამართლო ამბობდა, რომ სადავო ნორმა აღარ არსებობს, მოქალაქისთვის პრობლემა „ახალი ნორმით“ გრძელდებოდა და მთავრობას ჰქონდა საშუალება ტექნიკური მანიპულაციით გაეჩერებინა მათთვის არასასურველი საქმე.
ბოჩოლების საქმემ შეცვალა ეს პრაქტიკა – კანონის ტექნიკური ცვლილება უკვე საკმარისი აღარ იქნება საქმის შეწყვეტისთვის. სასამართლო საქმე გაგრძელდება პრობლემის სრულად მოგვარებამდე.
ვულოცავთ ყველას და განსაკუთრებით ქვალონელ გლეხებს!", - წერს ინსტიტუტი.
BM.GE სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ სასამართლოდან ჯერ ინფორმაცია არ მიუღიათ.
მასალა, უწყებიდან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში განახლდება.