მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"1 აპრილიდან, შესაძლოა პოლიეთილენის საწარმოები დაიხუროს"

5c8bf79a858e4
ანუკა ჯოხაძე
17.03.19 10:05
2110
1 აპრილიდან, შესაძლოა პოლიეთილენის საწარმოები დაიხუროს.

ამის შესახებ bm.ge-ის კომპანია “გვგ პლასტის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა გელა გელაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედებული რეგულაციის დაკმაყოფილება საქართველოს ბაზარზე მოქმედმა პოლიეთილენის მწარმოებელმა კომპანიებმა მოახერხეს, თუმცა რეგულაციამ, რომელიც ნებისმიერი სისქის პოლიეთილენის პარკების წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აკრძალვას გულისხმობს და რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 1 აპრილიდან შედის, შესაძლოა, პოლიეთილენის მწარმოებელი კომპანიები წარმოების შეჩერებამდე მიიყვანოს.

მიზეზად “გვგ პლატის” დამფუძნებელი იმ ტექნოლოგიას ასახელებს, რომლის მიხედვითაც, 1 აპრილიდან პარკები უნდა იყოს წარმოებული. მისი თქმით, ბაზარზე არ არსებობს რესურსი, რომელიც აღნიშნულ წარმოებას აითვისებს.

გელაშვილის პროგნოზით, სავარაუდოდ, ადგილობრივი წარმოება იმპორტირებული პროდუქციით ჩანაცვლდება.

მისივე ინფორმაციით, ამ მიმართულებით მწარმოებლებს მოლაპარაკებები აქვთ შესაბამის უწყებებთან და რეგულაციის გადავადებას ითხოვენ.

"15-მიკრონიანი პარკის წარმოება შევძელით; კომუნიკაცია ამ მიმართულებით გვაქვს, მაგრამ არ გვაქვს პასუხი, რა იქნება 1 აპრილს. დარჩება ეს ძალაში თუ წარმოებები დაიხურება. არა მარტო „გვგ პლასტი“, არც ერთი წარმოება დღეს ამ რეგულაციისთვის მზად არ არის; შესაბამისად, სიმინდისა და კარტოფილის სახამებლით პარკის წარმოებს ვერ შევძლებთ. დღეს არც ერთი წარმოება არ აწარმოებს ასე და არც 1 აპრილის მდგომარეობით, იქნება ეს წარმოება საქართველოში. რა თქმა უნდა, ადგილობრივი წარმოება ჩანაცვლდება იმპორტით. მე მოლოდინი მაქვს, რომ გონივრულ ვადებში გადაიწევა ეს რეგულაცია, რომ მწარმოებლებს გადაიარაღების საშუალება მიეცეთ და აწარმოონ ის, რაზეც არის მოთხოვნა. ფიზიკურად დრო არ არის, რომ გადაიარაღება 1 ოქტომბრიდან 1 აპრილამდე მოგვესწრო. გადაიარაღებასთან ერთად არის ნედლეულის პრობლემა, რომელიც არის რეგულაციებით გათვალისწინებული, მისი რაოდენობა არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში და წარმოებებში არ არის, რომ ჩვენ შევძლოთ შემოტანა“, - ამბობს კომპანია “გვგ პლატის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გელა გელაშვილი.

ცნობისთვის: კომპანია “გვგ პლასტი” ქართულ ბაზარზე 5 წელია ოპერირებს და საქართველოს ბაზარზე არსებულ სუპერმარკეტების ქსელებს ემსახურება. საწარმოში 4 მილიონი ლარის პირველადი ინვესტიცია განხორციელდა.

შეგახსენებთ: მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი რეგულაციის გადავადებას ითხოვს, დაახლოებით, 1 თვის წინ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსმა ალვერდ ჩანქსელიანმა bm.ge-ის განუცხადა, რომ რეგულაცია არ გადავადდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები