PSP ჯგუფის ჯანდაცვის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ RnD-ის (კვლევა და განვითარება) ხარჯი 1 მედიკამენტის შემთხვევაში 1-დან 3 მლნ დოლარამდეა. მან ამის შესახებ ფასების საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
კვლევის ხარჯებთან დაკავშირებით, რაც მედიკამენტების ფასებზეც აისახება, დეპუტატ ილია ინჯიას კითხვის საპასუხოდ მან PSP ჯგუფში შემავალი მედიკამენტების მწარმოებელი GM Pharma-ს მაგალითზე ისაუბრა.
"დიდი ფარმაცევტული გიგანტებისგან განსხვავებით, რომლებიც ბიოტექნოლოგიურ წამლებს აწარმოებენ, ჯენერიკული ქარხნების კვლევების და განვითარების (RND) ხარჯი მნიშვნელოვნად ნაკლებია. 1 მილიონიდან 3 მილიონ დოლარამდე ჯდება ერთი ჯენერიკული მედიკამენტის გამოშვება ბაზარზე. ეს ხარჯი ცვალებადი იქნება, რადგან თუ გადავწყვეტთ, რომ 20 პროდუქტი უნდა გამოვიტანოთ უახლოეს 10 წელიწადში, შესაბამისად 20-ჯერ 2 მლნ დოლარი გვექნება ჩასადები", - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.
პარლამენტში შექმნილი ფასების საპარლამენტო დროებით კომისიაზე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს უსმენენ.
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ "სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის" კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა. სხდომაზე კომისიის წევრებმა რძისა და რძის ნაწარმის, ასევე კვერცხისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებს მოუსმინეს. 13 თებერვალს კომისიამ ადგილობრივი ხილის, ბოსტნეულის, წვენებისა და ჯემების ბაზრის წარმომადგენლებს მოუსმინა. 19 თებერვალს კომისიაზე კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს, 25 თებერვალს და 5 მარტს დისტრიბუტორებსა და იმპორტიორებს მოუსმინეს, 11 - 16 მარტს კი სხდომაზე სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულნი. ყველა რგოლი მიუთითებდა, რომ გაძვირებაში განსაკუთრებულ როლს რიტეილ სექტორი და მათ მიერ დაწესებული გადასახადები ახდენს. ქსელური მარკეტების წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ "ქეშბექს" ხშირ შემთხვევაში დისტრიბუტორები სთავაზობენ, კონკურენტების ბაზრიდან გაყვანის სანაცვლოდ, ქსელები კი ქეშბექებს ფასდაკლებისთვის იყენებენ.
30 აპრილს კომისიამ ფარმაცევტული პროდუქციის ადგილობრივ მწარმოებლებს მოუსმინა.




























