1-ელი ივლისიდან ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება. როგორც ენერგეტიკული ბირჟის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი გალდავამ bm.ge-ის უთხრა, გარდამავალი მოდელით ვაჭრობის უფლება აქვს გარკვეულ პირებს, რომელიც განსაზღვრულია კონცეფციით.
„ამ პირებს ვაჭრობის ვალდებულება არ აქვთ და ისინი ვაჭრობენ მოსალოდნელი სარგებლიდან გამომდინარე. ისინი თავად წყვეტენ, მიიღონ ვაჭრობაში მონაწილეობა თუ არა, სცადონ ვაჭრობა თუ არა. ისინი სრულად თავისუფლები არიან არჩევანში. პირველი ივლისიდან ველით, რომ მონაწილეების გარკვეული ნაწილი დარეგისტრირდება. შეიძლება არა იმდენი, რამდენიც გარკვეული ხნის შემდეგ შეიძლება შემოემატონ, ამის შემდეგ უკვე მათზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სარგებლიანი აღმოჩნდება მათთვის ბირჟაზე ვაჭრობა. ვფიქრობ, ბირჟა იქნება ადგილი, სადაც ადამიანებს შეეძლებათ იყიდონ და გაყიდონ ელექტროენერგია მათთვის სასურველ ფასად“, - განაცხადა მან.
ირაკლი გალდავა ამბობს, რომ რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს, კომპანიები ავსებენ განაცხადებს, თუმცა არ აკონკრეტებს, ამ დროისთვის რამდენი კომპანიაა დარეგისტრირებული. მისი ინფორმაციით, ბირჟაზე დარეგისტრირებული კომპანიების სია გამოქვეყნდება მათ ვებ-გვერდზე.
კითხვაზე, საწყის ეტაპზე ვისთვის იქნება დაშვებული ვაჭრობა, გალდავა პასუხობს, რომ საწყის ეტაპზე წარმოებების მხრიდან არის დაშვებული ელექტროსადგურებისთვის, რომლებსაც აქვთ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება, თუმცა ენერგია გაყიდიან მხოლოდ სავალდებულო შესყიდვის პერიოდს მიღმა, თავისუფალ პერიოდში, ასევე იმ ელექტროსადგურებისთვის, რომლებსაც არ აქვთ დადგენილი ტარიფი კომისიის მიერ.
მისი თქმით, საკმაოდ დიდი ჯგუფია, როგორც შესყიდვის, ისე გაყიდვის მხარეს. გიორგი გალდავას თქმით, ორშაბათი, პირველი ივლისი არის პირველი სავაჭრო დღეს და მას იმედი აქვს, რომ ვაჭრობა იქნება, რადგან მსურველები უკვე არიან და რეგისტრაციის პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს.