სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების საწარმო ოფიციალურად მიმდინარე წელს გაიხსნა. როგორც კომპანია „აგრობადეს“ დამფუძნებელი ავთანდილ მაისურაძე BMG-სთან საუბრისას აღნიშნავს, აქამდე წარმოება სატესტო რეჟიმში მიმდინარეობდა, 2 მაისიდან კი შეკვეთებზე მუშაობა სრული დატვირთვით დაიწყო.
მისივე თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებზე მოთხოვნა მაღალია, თუმცა ადგილობრივი ბაზრის სრულად დაკმაყოფილებას საწარმო ვერ ახერხებს. ავთანდილ მაისურაძე ამბობს, რომ იმპორტირებულ ბადეებთან შედარებით, ქართული წარმოების ბადე 20%-ით ნაკლები ღირს.
“საქართველოში პირველად, მხოლოდ ჩვენ მიერ იწარმოება, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები. ოფიციალურად 2023 წლის 2 მაისს გავხსენით საწარმო. ჩვენი საწარმო 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ვაწარმოებთ როგორც ძაფს ასევე ვახორციელებთ, თავად ბადის ქსოვას. შეკვეთები თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით გვაქვს, ძირითადად შიდა ქართლიდან ხეხილის ბაღებზე და კახეთიდან, ვენახის ბაღებზე. განსაკუთრებით მოთხოვნა გაიზარდა ბოლო დღეებში, კახეთში სტიქიის შემდეგ. ამ დროისთვის დღეში 10 000 კვ.მეტრის გამოშვება შეგვიძლია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მოთხოვნა მზარდია, “- აღნიშნავს ავთანდილ მაისურაძე.
“აგრობადეს” დამფუძნებელი ამბობს, რომ ყოფილა შემთხვევები ფერმერებს ბადის შესყიდვაზე ფასის გამო უთქვამთ უარი. მისი თქმით, 1 კვ.მ ბადის ღირებულება 1 ლარს შეადგენს.
“ყოფილა შემთხვევები, რომ ფასის გამო უთქვამთ უარი. მთლიანი სისტემა შედარებით ძვირი ჯდება. ფერმერისთვის აუცილებელია სახელმწიფოს დახმარება, რათა შეძლონ პროდუქტის შეძენა. ასევე ჩვენი საწარმოსთვის, თუ კონკრეტული შეღავათები მოხდება, შევძლებთ, სრული პაკეტის ფასის შემცირებას. 1 ლარი მხოლოდ ბადის ღირებულებაა. ჯამში, მონტაჟით და სხვა აღჭურვილობით, რაც სისტემის გასამართად საჭიროა, 1 ჰექტარის გადაფარება, 12 000 -იდან 13 000 ლარამდე ჯდება,“- ამბობს ავთანდილ მაისურაძე.