1 იანვრიდან 31 ივლისამდე ტექნიკური ინსპექტირება საერთო ჯამში, 463 026 ავტოსატრანსპორტო საშუალებას ჩაუტარდა.
როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ BM.GE–სთვის მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, მათგან 269 918 დახარვეზდა, 191 570-მა კი ტექნიკური ინსპექტირება წარმატებით გაიარა. გარდა ამისა, 1 171 ავტოსატრანსპორტო საშუალებას გადაადგილება აეკრძალა.
რაც შეეხება რეფორმის მიმდინარეობას, როგორც საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი აცხადებს, რეფორმას გარკვეული ხარვეზები აქვს და საჭიროა მათი აღმოფხვრა. კორუფციის მაღალი რისკები, არაკვალიფიციური ინსპექტორები, სპეციალურად ტექინსპექტირებისთვის შეძენილი ავტონაწილები – ეს ის პრობლემებია, რაც მესხიშვილის თქმით რეფორმას აფერხებს.
შეგახსენებთ, რომ ტექდათვალიერება ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო 2019 წლის 1 იანვრიდან გახდა.

























